თამარ ჩუგოშვილმა და იოჰანეს ჰანმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებს, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ, ქვეყანაში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებს.
„ევროკომისარმა აღინიშნა, რომ საქართველო ყველაზე წარმატებული მაგალითია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირთან ურთიერთობის იმავე ეტაპზე არიან, როგორც ჩვენი ქვეყანა – ანუ ასოცირებული წევრები არიან და საქართველოს მოდელი შეიძლება გამოიყენონ სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც ევროინტეგრაციის გზაზე არა აქვთ ისეთი კარგი შედეგები, როგორც საქართველოს. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის ძალიან საამაყო”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობაზე. ქართულმა მხარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმება კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პოზიტიურად იქნა აღქმული ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად გააცნობენ მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„რაც შეეხება მომავალ თანამშრომლობას, არის ბევრი სფერო, სადაც შეიძლება ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს. საქართველოს პარლამენტის შემთხვევაში, ჩვენ დავსვით პარლამენტის ანალიტიკური რესურსების გაძლიერების საჭიროების საკითხი, ამას გარდა, არის ბევრად უფრო მოცულობითი სხვა საკითხებიც. იგეგმება „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი, რომელიც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ამ სამიტზე კიდევ უფრო დეტალურად მოხდება იმაზე შეთანხმება, თუ როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რა ტიპის დახმარებებს გამოუყოფს იგი საქართველოს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები