ევროპის დღის აღსანიშნავად, თამარ ხულორდავა, სერგი კაპანაძე და იანოშ ჰერმანი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

ევროპის კვირეულის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სერგი კაპანაძემ, ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის მონაწილეობით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია ჩაატარეს, თემაზე: „საქართველო და ევროკავშირი“.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძე სტუდენტებს ევროპულ ღირებულებებზე, ასევე, განათლებისა და განათლებული ახალგაზრდების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ევროპაში განათლების მიღება მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული ღირებულებებით და ფასეულობებით აღჭურვილი ახალგაზრდობა დაუბრუნდეს, რომლებიც მიღებულ განათლებასა თუ გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას მოახმარენ. ეს ჩვენი ქვეყნის მომავალი წინსვლისა და განვითარების ძალიან მყარი საფუძველი იქნება“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

შეხვედრაზე, რომელიც თითქმის 2 საათს გაგრძელდა, მიწვეულმა სტუმრებმა და სტუდენტებმა, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ევროპული სივრცისკენ საქართველოს სწრაფვაზე, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე და გამოწვევებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე ისაუბრეს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება. „ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციის გეგმა. გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა უკეთესი იმ უამრავი რეფორმით, რომელსაც ასოცირების შეთანხმება მრავალი მიმართულებით ითვალისწინებს. ეს არის საშინაო დავალებების პაკეტი, რომელიც შესასრულებელი გვაქვს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან საქართველოს მიღწეულ წარმატებაზე – თავისუფალი მიმოსვლის ამოქმედებაზე და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ვიზის ლიბერალიზაცია იძლევა.
„ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა საქართველომ იმ მრავალწლიანი შრომის შედეგად დაიმსახურა, რომელიც ქვეყანამ გასწია. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ხელშესახებია ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეს არ ასრულებს ჩვენს მიზნებსა და ამბიციებს ევროკავშირის მიმართულებით. ჩვენ გაცილებით ღრმა ინტეგრაციის გეგმები გვაქვს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მან ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა თუ პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება უფრო ხარისხიანი გახდეს და მივიღოთ ის სიკეთეები, რასაც ევროკავშირი უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეებისთვის. ამისთვის ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. უნდა ვიმუშაოთ წევრ სახელმწიფოებთან იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებაში უკეთესი განწყობა შევქმნათ და ევროკავშირის სახელმწიფოებს უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ღირებულებებით, ამბიციებით, ჩვენ მიერ გაკეთებული საქმით მართლაც ვართ იმის ღირსი, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვიყოთ. ეს არ იქნება მარტივი გზა, მაგრამ ეს იქნება გზა, რომელსაც ჩვენ დავადექით. ამაში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევიტანოთ წვლილი, განსაკუთრებით კი, თქვენ, ახალგაზრდობავ“, – მიმართა სდუდენტებს თამარ ხულორდავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ ევროკავშირთან საქართველოს სამომავლო ურთოერთობებზე და ამ მიმართულებით, ხელისუფლების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. „მიუხედავად იმისა, რომ იმპლემენტაციის ეტაპი შესაძლოა ხანგრძლივი იყოს, პროცესი, რომელიც ქვეყანაში კარგა ხნის წინ დაიწყო, ნელ-ნელა იწურება. იმედი მაქვს, ძალიან მალე საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე გადავა. ამისთვის საქართველომ ძალიან თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სტუდენტებთან საუბრისას, ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა იმ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც ევროპა დგას. „საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ორმხრივი პროცესია. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან. ევროპა არის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სიმბოლო, რომელიც ღირებულებათა ჩამონათვალს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენი ღირებულებები არ შეცვლილა,რომელიც დემოკრატიას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ეფუძნება. ჩვენ შევქმენით წარმატებული მოდელი და ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაგრძელოთ თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ჩვენთან სურთ ყოფნა“, – განაცხადა ელჩმა.
„ევროპის დღესთან“ დაკავშრებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრებს, მთელი განმავლობაში მართავდნენ.
შეხვედრები ორგანიზებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები