ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე საზოგადოებასთან სასაუბროდ მზად ვართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საზოგადოებასთან სასაუბროდ მზად არის. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტსაც იგივე პოზიცია ექნება.
“პრეზიდენტს წარვუდგინეთ ჩვენი შეთავაზება და ახლა ველოდებით პასუხს. საყოველთაო სახალხო განხილვა გულისხმობს ზუსტად იმას, რომ საზოგადოებასთან სხვადასხვა პოზიციები განვიხილოთ. ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში. განხილვა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი მოსაზრებები საზოგადოებასთან ერთად განვიხილოთ. ჩვენ ამისთვის ვართ გახსნილი და იმედია, იგივე პოზიცია ექნება საქართველოს პრეზიდენტსაც. ჩვენ მზად ვართ ხალხთან კონსტრუქციული საუბრისთვის. ჩვენი პოზიციები არის მყარი და არ გვეშინია ასეთი განხილვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობა შესთავაზა. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტთან წინადადება გვაქვს და გვინდა, რომ საერთო-სახალხო განხილვების პროცესში მოვიპატიჟოთ. კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან, ცვლილებებს გააცნობენ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები