დავით თევზაძე: „ პარლამენტს ვერაფერი დააბალანსებს, საბოლოოდ კი ეს გზა დიქტატურამდე მიგვიყვანს“

პოლიტიკური პარტიის „დავით თევზაძე საქართველოს მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე დავით თევზაძემ, კონსტიტუციის ახალი პროექტი შეაფასა. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ქვეყნის იმდაგვარი განვითარება რაც ახალ კონსტიტუციაშია ასახული, დიქტატურამდე მიგვიყვანს.
მისი თქმით, იმდაგვარი პარლამენტის ფონზე როგორიც გვაქვს პრეზიდენტის უფლებები გაზრდილი უნდა იყოს, რომ პარლამენტის დაბალანსება მოხდეს. რაც შეეხება დაგეგმილ საერთო სახალხო განხილვებს, დავით თევზაძეს ამ კუთხით განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. მისი განცხადებით, ამით უბრალოდ იქმნება იმის ანტურაჟი რომ კონსტიტუციის განხილვა მოხდა, რეალურად კი კონსტიტუციის გაუმჯობესება მხოლოდ მაშინ მოხდება თუ უმრავლესობას ამის პოლიტიკური ნება ექნება.
„თუ უმრავლესობის პოლიტიკური ნება იქნება, შესაძლებელია კონსტიტუციის პროექტი გაუმჯობესდეს. მე უფრო რადიკალური ცვლილებების მომხრე ვიქნებოდი. პირველ რიგში ეს ეხება პარლამენტის სტრუქტურას, ჩვენ წლებია გვესმის რომ ამდაგვარი უნდა იყოს, მაგრამ ჯერ დრო არ არის. მგონი დროა, რომ უკვე ორ პალატიანი პარლამენტი გვქონდეს. რაც შეეხება მოსახლეობას, მოსახლეობის ხმა რომ გაიზიარო, პირველ რიგში, თავად მოსახლეობა უნდა იყოს ღრმად გათვიცნობიერებული იმ საკითხებში, რომლის მოსმენასაც აპირებ. ეს ჩვეულებრივი ისეთივე სატყუარაა, როგორიც კომისია იყო. არავინ არაფერს არ გაითვალისწინებს. უბრალოდ იქმნება იმის ანტურაჟი რომ კონსტიტუციის განხილვა მოხდა. მიიღო მხარდაჭერა. ამ განხილვებისგან მოლოდინები ღიმილის მომგვრელია. პრეზიდენტი თუ ყავს სახელმწიფოს, მას უნდა ჰქონდეს სერიოზული ლეგიტიმაცია და არა პარლამენტის ლეგიტიმაცია. მე ვერ ვხედავ თუნდაც მომავალი იმის პერსპექტივას რომ პარლამენტს უფრო მეტი ლეგიტიმაცია ქონდეს ვიდრე თუნდაც დღეს მოქმედს აქვს, ამიტომ მომავალი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი საერთოდ გაუგებარი იქნება. ჩვენ ერთ დღეს აღმოვაჩინეთ რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, ისე რომ არც არავის უკითხავს გვინდა ასეთ რესპუბლიკაში ცხოვრება თუ არა. იმდაგვარი პარლამენტის ფონზე, როგორიც ჩვენ გვაქვს, პრეზიდენტის უფლებები საკმაოდ სერიოზული უნდა იყოს. სხვანაირად დღეს, ვერაფერი ვერ დააბალანსებს პარლამენტს. საბოლოოდ ასეთი განვითარება მაინც მიგვიყვანს დიქტატურამდე. მნიშვნელობა არა აქვს ეს პიროვნება იქნება თუ პიროვნებათა ჯგუფი. პარტიული დიქტატურა არაფრით არ განსხვავდება ყველა სხვა დიქტატურისგან“- აღნიშნა დავით თევზაძემ.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, თევზაძის თქმით, მაჟორიტარების პოლიტიკური ველიდან განდევნა კარგი არ არის, რადგან რიგ ქვეყნებში ეს სისტემა გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე შემოთავაზებული, ახალი სისტემა. დავით თევზაძისთვის მიუღებელია კონსტიტუციის ახალი პროექტით გაწერილი კიდევ ერთი ცვლილება რომელიც წინასაარჩევნოდ ბლოკების შექმნის აკრძალვას გულისხმობს.
„წინასაარჩევნოდ რომ მიშლი ვიღაცასთან გაერთიანებას თუ პარტნიორობას, რის საფუძველზე მიშლი? ყველა პოლიტიკურ ჯგუფს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა , თვითონ აირჩიოს რა გზით მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში. შენ რომ დევნი ვიღაცას იმის გამო რომ ის ვერ გერევა, შენდენი რესურსი არ აქვს, შენ რეალურად მათ უკან მდგომ ადამიანებს დევნი პოლიტიკიდან. ცარიელ ადგილზე ხომ არ იქმნება პოლიტიკური გაერთიანებები. ამიტომ არ მგონია, ბლოკების აკრძალვა კარგი იდეა იყოს“- განაცხადა დავით თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები