საქართველოში იოჰანეს ჰანის ვიზიტის დროს 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმება გაფორმდება
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, 5 მაისს გაიმართება ევროკომისრის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.
“შეხვედრებზე მხარეების მიერ განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მიმდინარე პრიორიტეტები, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული, ქვეყანაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები. ევროკომისრის ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია აგრეთვე, 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ,,აღმოსალეთ პარტნიორობის’’ სამიტისთვის საქართველოს მოლოდინებზე და ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობა”,-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმების („ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი” Technical Cooperation Facility – TCF) ხელმოწერა, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.