კახა ოქრიაშვილი რომან გოცირიძეს მაჟორიტარი დეპუტატების მისამართით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგა რომან გოცირიძე მაჟორიტარი დეპუტატების მისამართით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. როგორც ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გოცირიძემ მაჟორიტარები ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მამლებს შეადარა.
”მინდა ვუპასუხო ბატონ რომან გოცირიძეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ბატონმა რომანმა მაჟორიტარები შეადარა მამლებს, პარლამენტი ალბათ საქათმეს და არამაჟორიტარი დეპუტატები კვერცხის მდებელ ქათმებს, რომლებიც კვერცხივით ისვრიან კანონპროექტებს. ბატონო რომან, ჩვენი მაჟორიტარული აპლოდისმენტები თქვენს ფანტაზიებს. ხდება ჩემი და ჩემი კოლეგების დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა. ხშირად ისმის ბრალდებები, რომ მაჟორიტარები არიან უფრო პასიურები, ნაკლებად ცნობადები, არაკვალიფიციურები, ვიდრე პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები და ამიტომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. საქართველოში, როგორც მთელი მსოფლიოს პარლამენტებში, არიან ძალიან აქტიური და კვალიფიციური როგორც მაჟორიტარი, ისე არამაჟორიტარი დეპუტატები. ასევე, არიან ნაკლებად აქტიურები და პარლამენტში ხვდებიან არასაპარლამენტო კვალიფიკაციის მქონე ადამიანები. საქართველოში მრავალი ჟურნალისტია, ბევრი ძალიან კარგია და მიუკერძოებელი, რომლებსაც დიდ პატივს ვცემთ. ასევე, არიან არაკეთილსინდისიერი და აშკარად დაკვეთების შემსრულებელი ჟურნალისტებიც და ამის გამო, ჟურნალისტიკა გავაუქმოთ? რა თქმა უნდა, არა. აქ არ არის საუბარი იმაზე, კარგია თუ არა კახა ოქრიაშვილი ან სხვა მაჟორიტარი, აქ საუბარია იმაზე, თუ როგორი სისტემა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების კონცენტრაცია და სტაბილურობა, ე.ი. წინსვლა. ამ პოზიციას მეოთხე და მეხუთე მოწვევის მაჟორიტარები უკვე ათწლეულზე მეტია ვიცავთ”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები