მეგა პროტესტი ვენესუელაში – ოპოზიცია ბარიკადებს აგებს
ვენესუელაში ოპოზიციის აქტივისტებმა დღეს მეგაპროტესტების ჩატარების დღე გამოაცხადეს და ქუჩებში ბარიკადების აგება დაიწყეს. ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მწვავდება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ის ახალი პარლამენტის მოწვევას გეგმავს, რომელიც დღევანდელ ნაციონალურ ასამბლეას შეცვლის და ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილების უფლებამოსილება ექნება.
ოპოზიცია მადუროს გადადგომისკენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. თავად მადურო კი გადადგომას არ აპირებს და აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუცია უცხოური შეთქმულების წინააღმდეგ არის მიმართული. ოპოზიცია მადუროს საკონსტიტუციო გადატრიალებაში ადანაშაულებს. ანალოგიური განცხადება ბრაზილიის ხელისუფლებამაც გააკეთა. აშშ-ის ხელისუფლება კი მადუროს ამ ქმედებებს ხელისუფლებაში ყველა მეთოდით დარჩენის მცდელობას უწოდებს.
საპროტესტო აქციები ვენესუელაში 1 თვეზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, 28 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.