რუს ბაიკერებს საქართველოში არ უშვებენ

რამდენიმე რუსი ბაიკერი რუსეთიდან საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ გამოცემა «Авто Mail.Ru» იუწყება, რომლის რედაქციაში ბაიკერებმა დარეკეს და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ბაიკერების ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა პასპორტში მათ უარის შტამპი ჩაურტყეს და მიზეზები არ აუხსნიათ. პრობლემას დაახლოებით 50 ადამიანი წააწყდა. ბაიკერები ამბობენ, რომ მოტოციკლით საქართველოში შესვლა სულ მცირე, მაისის დღესასწაულების დასრულებამდე იქნება აკრძალული.
„2 მაისს ჩავედი ზემო ლარსში. გავიარე რუსეთის საზღვარი, შემდეგ საქართველოს გამშვებ პუნქტთან დავინახე, რომ ბაიკერები ცალკე იდგნენ. როდესაც მესაზღვრეს საბუთები მივეცი, მე გარკვეული დროის შემდეგ გამომძახეს და 30-40 წუთის განმავლობაში მკითხავდნენ, ბოლოს კი განმიცხადეს – „უკაცრავად, მაგრამ თქვენ უარი გითხრეს“, – განუცხადა  «Авто Mail.Ru»-ს ბაიკერმა პაველ იარცევმა.
როგორც ფეისბუქში ბაიკერმა დიმიტრი ხრიპოვსკიმ დაწერა, საქართველოს საზღვარი მოტოციკლისტებისთვის მაისის დღესასწაულების დასრულებამდეა ჩაკეტილი. მისი ინფორმაციით, ვინც საზღვართან მივიდა, ყველა ვლადიკავკაზში გაბრუნდა.
თავად ბაიკერები მათთვის საქართველოში შესვლის აკრძალვას ბაიკერების კლუბის, „ღამის მგლების“ მიერ ორგანიზებულ მოტოგარბენს უკავშირებენ, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად ტარდება. ცნობისთვის, „ღამის მგლების“ ლიდერზე, ალექსანდრე ზალდასტანოვზე, მეტსახელად „ქირურგზე“, დასავლეთის ქვეყნების სანქციები მოქმედებს და მას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლაზე უარი რამდენჯერმე ეთქვა.  «Авто Mail.Ru»-ს ინფორმაციით, ამჯერად საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა ყველა რუს ბაიკერს და არა მარტო „ღამის მგლების“ წევრებს.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბაიკერებისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ღამის მგლების“ ჩამოსვლა საქართველოში მიზანშეწონილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები