სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს წამების ფაქტების გამო 95 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ალექსანდრე ოლისოვის, ნიკიტა დანიშკინის და იური ზონტოვის სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციას 95 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამ პირებმა სასამართლოში პოლიციის მხრიდან წამების გამო იჩივლეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სამივე პირი რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრია. მათ სტრასბურგის სასამართლოში სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით 2009-2014 წლებში იჩივლეს.
დაკავებულები აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ისინი დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათ ხელკეტებით სცემდნენ, ახრჩობდნენ და სხვაგვარად აწამებდნენ. დაკავებები დოკუმენტურად გაფორმებული არ ყოფილა, ხოლო ამ პირებმა სასამართლოს სამედიცინო ცნობები წარუდგინეს, სადაც სხეულის დაზიანებები იყო დაფიქსირებული.
სტრასბურგის სასამართლომ დადგენილებაში ჩაწერა, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლოებმა მოსარჩელე მხარის მიერ პოლიციელთა წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები სამართალდამცველთა დანაშაულის დასადგენად საკმარისად არ ჩათვალეს.
ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები