ჩრდილოეთ კორეა: აშშ-ის ქმედებების გამო, კორეის ნახევარკუნძული ბირთვული ომის ზღვარზე აღმოჩნდა
სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნებში ორი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენის, B-1B Lancer-ის მონაწილეობის გამო, კორეის ნახევარკუნძული ბირთვული ომის ზღვარზე აღმოჩნდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ.
„მსგავსი ტიპის უგუნური სამხედრო პროვოკაციები კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ მდგომარეობას ბირთვული ომის ზღვარზე აყენებს“, – წერია ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფხენიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბომბდამშენებმა ბირთვული ბომბების გამოყენების წვრთნები ჩაატარეს, ხოლო შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაზე წინმსწრები ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
ტრამპმა მანამდე ნებისმიერი სცენარით სიტუაციის განვითარება არ გამორიცხა. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უმჯობესია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.