ირაკლი სესიაშვილი: სამხედრო რეზერვი თავდაცვისუნარიანობის ხერხემალი უნდა იყოს

„ქვეყნის წინაშე არსებული რისკების, გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, სამხედრო რეზერვი თავდაცვისუნარიანობის ხერხემალი უნდა იყოს“, – ამ სიტყვებით აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კონცეფციას.
მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფცია ეფექტურია.
”თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე წელია, რეზერვის საკითხზე მუშაობს. წარმოდგენილი პროექტი არის ძალიან კარგი და ეფექტური. მასზე დისკუსია გაგრძელდება. ჩვენ მივესალმებით სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ ჯერ მიმდინარეობდეს კონცეფციაზე დისკუსია და ამის შემდეგ იყოს წარმოდგენილი კანონპროექტი. სიახლე არის ის, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური აქტიურ ფაზაში გადავა. გვეყოლება აქტიური რეზერვი, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვისტები მთელი წლის მანძილზე, პროფესიონალურ დონეზე იქნებიან აღრიცხული და გარკვეულ ხელფასსაც მიიღებენ. ისინი მაქსიმალურად იქნებიან თანხვედრაში შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებთან და იმ ცხოვრების წესთან, რასაც ჩვენი მუდმივი სამხედრო მოსამსახურეები ეწევიან. ჩვენ გვეყოლება ტერიტორიული პრინციპით შემდგარი სამხედრო რეზერვი და ასევე, სპეციალისტთა რეზერვი. კონცეფციაში სწორად არის გაწერილი მართვისა და კოორდინაციის მექანიზმები, რაც ქვეყანას შეუმცირებს დანახარჯებს და იმავდროულად, გაზრდის ეფექტურობას”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა უწყების მიერ მომზადებული კონცეფცია პარლამენტის დეპუტატებს გააცნო. ნუკრი გელაშვილის ინფორმაციით, აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი, ეს არის: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავისი სპეციფიკური დანიშნულება ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები