პროკურატურამ შსს-ს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა

​საქართველოს პროკურატურამ შსს-ს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ და შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ მოაწერეს.
გიორგი გოგაძემ და გივი მიქანაძემ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს. ორმხრივი პროექტების მიზანი უწყებათა შესაძლებლობების გაძლიერება და სამართალდამცველთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და პუბლიკაციების მომზადებას. ამასთან, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აკადემიის სტუდენტებისთვის პერიოდულ საჯარო ლექციებს გამართავენ. წარმატებულ სტუდენტებს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობაც მიეცემათ.
​საქართველოს პროკურატურა ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა საგამოძიებო უწყებებთან, ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელების პროცესში. აღნიშნული მემორანდუმი კი ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურასა და შსს-ს აკადემიას შორის მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, კოორდინირებულ საქმიანობასა და სამართალდამცველების პროფესიულ განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები