გიგა ბუკია: ქვეყანაში კრიმინალი კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა

„პატიმრების რაოდენობის 120%-ით შემცირების მიუხედავად, კრიმინალი კი არ გაიზარდა ქვეყანაში, არამედ პირიქით – შემცირდა”,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია ”ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ განაცხადა.
გიგა ბუკიამ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ყოფილი ხელისუფლების დროინდელ პატიმართა სტატისტიკა გაახსენა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 24 800 პატიმარი იხდიდა სასჯელს, ამჟამად კი, ქვეყანაში 9 500 პატიმარია.
”დღევანდელი ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას, გაიზარდა კრიმინალი და ასე შემდეგ. სინამდვილეში რა ხდება – 24 800 პატიმარი იყო, დღეს არის დაახლოებით 9 500 პატიმარი და ამ დროს კრიმინალი ქვეყანაში კი არ გაიზარდა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვლის ხუთეულში შედის. ეს არის უდავოდ დიდი მიღწევა. პატიმრების რაოდენობის 120%-ით შემცირების მიუხედავად, კრიმინალი კი არ გაიზარდა ქვეყანაში, არამედ პირიქით – შემცირდა”, – განაცხადა გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი პირველი მოსმენით ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტს და მისი თანმდევ კანონპროექტებს იხილავს.
საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი მექანიზმების დანერგვას, მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობისა და მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პენიტენციური დაწესებულების შექმნას, მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწას, პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და პენიტენციური დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები