„როსბალტი“: „კოკოითი რევანშს ამზადებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში „ფერადი რევოლუციის“ სუნი ტრიალებს“

გამოცემა „როსბალტი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში 9 აპრილისთვის დაგეგმილ “საპრეზიდენტო არჩევნებზე“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში შემთხვევით არ ჩასულა. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა თიბილოვს წარმატებები უსურვა, რომელიც 3-დან „პრეზიდენტობის“ ერთ-ერთი კანდიდატია. ასევე, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ „არჩევნები კანონის და კონსტიტუციის დაცვით ჩატარდება“.
„როსბალტი“ წერს, რომ 2017 წლის გაზაფხულამდე მიმდინარე წყნარ საარჩევნო კამპანიას დიდ პრობლემებს შეუქმნის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელსაც საარჩევნო კომისიამ კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. საქმე იმაშია, რომ კოკოითი ბოლო 10 წელი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად არ ცხოვრობდა.
„კოკოითი კოკოითი არ იქნებოდა, რომ ეს სიტუაცია დესტაბილიზაციისთვის არ გამოეყენებინა. მისი მომხრეები ცხინვალში რეგულარულად მართავენ მიტინგებს და მოქმედი „პრეზიდენტის, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფროსის გადადგომას მოითხოვენ. ცხინვალში მობილიზებული მილიციის სპეცდანიშნულების ძალები, ხოლო “სახელმწიფო“ დაწესებულებებს გაძლიერებულად იცავენ. ქალაქში თიბილოვის მხარდამჭერი მიტინგებიც ტარდება, კოკოითი კი მისი “პრეზიდენტობის“ პერიოდში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საკითხზე სასამართლოში დაიბარეს“ – წერს „როსბალტი”.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთ რთულ ვითარებაში თიბილოვმა დასახმარებლად პუტინს მიმართა. ის, ვინც კოკოითის ვერ იტანს, აცხადებს, რომ მისი შეჩერების სხვა მეთოდი უბრალოდ არც არსებობს. „კოკოითმა მოიპარა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. მოსკოვს კი თავისი მოკავშირის ტერიტორიაზე მსგავსი კონფრონტაცია არაფერში აწყობს. ყოფილი პრეზიდენტის ძირითადი ამოცანა არჩევნების ჩაშლაა, რასაც ის მხარდამჭერებთან შეხვედრებზე არც მალავს. ის სახელმწიფო უწყებებზე ან რომელიმე სტრატეგიულ ობიექტზე შეტევების განხორცილებას გეგმავს, რაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს“ – წერს გამოცემა .
„როსბალტი“ ასევე ვარაუდობს, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების უმოქმედობა მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს – კოკოითი მათ მოელაპარაკა და თიბილოვი ფაქტობრივად მარტო დარჩა. „ვიდრე თიბილოვის მინისტრები კაბინეტში პორტფელებს ინაწილებდნენ, კოკოითმა ცხინვალში მარში მოაწყო და სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში მას შემდეგ ციებ-ცხელება არ ნელდება. თიბილოვს კოკოითის წინააღმდეგ სამოქმედოდ ძლიერი მოკავშირე სჭირდება, მაგრამ მის მთავრობაში ასეთი არ აღმოჩნდა. “ – წერს გამოცემა.
ძალზე საეჭვოდ ეჩვენება სტატიის ავტორს თიბილოვის განცხადების პერსპექტივა რუსეთის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლო გაწევრიანების შესახებ, ვინაიდან მოსკოვი ამ ეტაპზე „ყირიმის სცენარის“ გამეორებას არ გეგმავს. შესაბამისად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სამხრეთ ოსეთი – ალანიად“ გადარქმევის და ამ გზით ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების პერსპექტივაც სტატიის ავტორს რეალურად არ მიაჩნია.
რაც შეეხება ედუარდ კოკოითს, მისი გაპრეზიდენტება მოსკოვს ამ ეტაპზე არ აწყობს. მოსკოვისთვის უფრო ლეონიდ თიბილოვის ან ე.წ. პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურებია მისაღები, რომლებიც „ზომიერი პოლიტიკოსები” არიან და არა აგრესიული კოკოითი, რომელიც „ცხინვალის მაიდანს“ ამზადებს. ახლა მოსკოვისთვის მთავარია, რომ მოვლენები სისხლისღვრის სცენარით არ განვითარდეს, რადგანაც ამ შემთხვევაში რეგიონში არსებულ სიტუაციაზე კონტროლს კარგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები