კახა კახიშვილი: შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს

შინაპატიმრობა შეიძლება, ფასიანი სერვისი გახდეს. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნული ცვლილება შინაპატიმრობის მოწყობილობის სიძვირით ახსნა.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნაში – როგორც ევროპაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში – შინაპატიმრობა შეიძლება, ფასიანი სერვისი გახდეს. საფასური მინისტრის ბრძანებით დადგინდება. ამავდროულად, შინაპატიმრობის მოწყობილობა არის ძვირი და ბუნებრივია, დასჭირდება დეპოზიტის თანხები, რაც დარეგულირდება ნორმატიული აქტით”, – აღნიშნა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი, პირველი მოსმენით, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტს და მის თანმდევ კანონპროექტებს იხილავს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ითვალისწინებს დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით შეცვლას. პროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები