ამირან სალუქვაძე: რუსეთი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებას აძლიერებს
“რუსეთი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებას აძლიერებს”, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, სამხრეთ სამხედრო ოლქში ახალი საერთო საჯარისო 8-ე არმია იქმნება. ამირან სალუქვაძე განმარტავს, რომ საერთო საჯარისო არმია წარმოადგენს ოპერატიულ გაერთიანებას, რომლის დანიშნულებაა ოპერაციების წარმოება ფრონტის შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად ცალკეული ოპერაციის მიმართულებაზე. სალუქვაძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ მიმართულებაზე კიდევ ერთი არმიის დამატებით ოლქის მილიტარიზაცია, ანუ სამხედრო ტექნიკის სიმჭიდროვე ორმაგდება, რაც მისი თქმით, დასაფიქრებელია და უნდა აისახოს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების საბუთებში.
„თუ სამხედრო ოლქების რუკას გადახედავთ, მიხვდებით, რამდენად განსხვავდება გეოგრაფიული ზომებით 5 ოლქი ერთმანეთისგან, შესაბამისად, დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა თითო ოლქის საფუძველს წარმოადგენდა თითო არმია, სამხრეთ სამხედრო ოლქი უკვე იყო ყველაზე მილიტარიზებული, ანუ შეიარაღების და ტექნიკის სიმჭიდროვე სამხრეთ სამხედრო ოლქში იყო გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა ოლქებში. სამხრეთ მიმართულებაზე კიდევ ერთი არმიის დამატებით ოლქის მილიტარიზაცია, ანუ სამხედრო ტექნიკის სიმჭიდროვე ორმაგდება, რაც დასაფიქრებელია და უნდა აისახოს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების საბუთებში. მე თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე ცვლილებებზე აღარ ვსაუბრობ, მაინც არავის ესმის, უკვე 12 წელია. ახალი 8-ე არმიის შენაერთები და სამხედრო ნაწილები განლაგებული იქნება როსტოვში, ნოვოჩერკასკსა და ვოლგოგრადში. შესაბამისად, აღნიშნული არმია გააძლიერებს რუსეთის სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ ოპერატიულ მიმართულებებს (კავკასია, შავი ზღვა, უკრაინა, (დონბასი)). არმიის შემადგენლობა უცნობია, თუმცა არსებობს სტანდარტული სტრუქტურა და შემადგენლობა და ყველაზე მინიმალური კომპლექტაციითაც კი, ეს საკმაოდ სერიოზულად გააძლიერებს აღნიშნულ მიმართულებას. შევეცდები ცალკე წარმოგიდგინოთ ღია წყაროებიდან შეგროვილი მასალები რუსეთის არმიის ბოლო წლების გადაიარაღების, ტექნიკის განახლება-მოდერნიზაციის მოცულობების, ასევე, 2020 წლამდე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რაც წარმოდგენას მოგვცემს, თუ რა მასშტაბებით ძლიერდება დღეს რუსეთის არმია. ასეთი ტემპებით დღეს ნატოს არც ერთი არმიის განახლება არ ხდება“,- წერს სალუქვაძე.