თსუ-ს რექტორი: “აუდიტორია 115”-ის მოთხოვნები სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანმანათლებლო სფეროსაც

“ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ „აუდიტორია 115“-მა დატოვოს მეექვსე კორპუსის ტერიტორია, მოგვცენ საშუალება ყველას ერთად, დავიწყოთ ნორმალურად სასწავლო პროცესი”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „აუდიტორია 115“-თან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის მოთხოვნები, რაც ისმის, სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანმანათლებლო სფეროსაც. როგორც რექტორმა აღნიშნა, ყველას სტუდენტის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული, მათ შორის იმ 800 სტუდენტისაც, რომლებსაც არ ეძლევათ ხარისხიანი განათლების საშუალება.
„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ „აუდიტორია 115“-მა დატოვოს მეექვსე კორპუსის ტერიტორია, მოგვცენ საშუალება, ყველას ერთად, დავიწყოთ ნორმალურად სასწავლო პროცესი, მით უმეტეს, ამ კორპუსში ჩვენ გვაქვს ტექნიკა, რომელიც აუცილებელია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის. მეოთხე კურსის სტუდენტებს, ძირითადად, აქვთ პრაქტიკული მუშაობა, სხვადასხვა საშუალებებით ჩვენ ვახერხებდით, რომ ჟურნალისტიკის სტუდენტები გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა კორპუსებში. ახლა უკვე, რადგან „აუდიტორია 115“-ის პირობები შესრულებულია ან შესრულების პროცესშია, არა მგონია, რომ კიდევ დარჩა რაიმე შემაფერხებელი, რაც მათ მეექვსე კორპუსში დატოვებს. უნივერისტეტში არის ღია მმართველობის სისტემა, ღია კარის მტვრევა არ არის კარგი საქმე. ის მოთხოვნები, რომლებიც მესმის, უკვე სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანმანათლებლო სფეროს. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ოღონდ, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ყველას სტუდენტის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული, მათ შორის იმ 800 სტუდენტისაც, რომლებსაც არ ეძლევათ ხარისხიანი განათლების საშუალება“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
გიორგი შარვაშიძის განცხადებით, რაც აწუხებდა „აუდიტორია 115“-ს და სხვა სტუდენტურ ჯგუფებს, ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
“რაც შეეხება კანონში ცვლილების შეტანას, უნივერსიტეტმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. არაერთხელ საჯაროდ მივმართეთ კიდეც შესაბამის კომიტეტს და პარლამენტს. უნივერსიტეტის პოზიცია არის, რომ ყველა საკითხი, რომელიც შეეხება სტუდენტური ცხოვრების ნებისმიერ მოწყობას, უნდა იყოს გადაწყვეტილი უნივერსიტეტის ავტონომიის ფარგლებში. ჩვენ გვგონია, რომ კანონი არ უნდა იყოს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს უნივერსიტეტი. კანონი უნდა იყოს საერთო ჩარჩო, რომლის მიხედვითაც ვაკეთებთ დაშვებას, რომ აუცილებელია, ყველა სტუდენტს ჰქონდეს თანაბარი პირობები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებას“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები