ლევან მოსეშვილი: ჩვენ, როგორც ICAO- ს წევრი ქვეყანა, მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ ახალი სტანდარტები და რეგულაციები საქართველოს ყველა აეროპორტში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისში ICAO- ს ორდღიან რეგიონულ ვორქშოფს მასპინძლობს. ღონისძიებას 19 ქვეყნის 35-მდე დელეგატი ესწრება.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორმატის ვორქშოფის ჩატარება თბილისში მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო განმტკიცების გზაზე.
„ICAO- ს რეგიონული ოფისი Airbus-თან კოლაბორაციით, პირველად მართავს მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებას საქართველოში, რომლის მასპინძლებიც ვართ. ვორქშოფი გულისხმობს ICAO- ს მიერ აეროდრომის ხელოვნური საფარის შეფასების რეიტინგის ახალი სისტემის დანერგვას.
აქ წარმოდგენილია საქართველოს ყველა აეროპორტი. ჩვენ, როგორც ICAO- ს წევრი ქვეყანა მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ ახალი სტანდარტები და რეგულაციები საქართველოს ყველა აეროპორტში. მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ აეროპორტი სრულად დააკმაყოფილებს ICAO- ს სტანდარტებს, რეკომენდებულ პრაქტიკას და ყველა მოთხოვნას“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ორი დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართს (ICAO Annex 14) განიხილავენ. რომელიც აეროპორტების დიზაინსა და ოპერირების სტანდარტებს ეხება. ასევე, ICAO-ს მიერ ცოტა ხნის წინ, აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის რეიტინგის ახალ სისტემას, რომლის ეფექტიანი დანერგვა მსოფლიოს აეროპორტებში სავალდებულო ხდება.
შეფასების ახალი სისტემა საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად და ერთიანი საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვროს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკისა და ბაქანის ეფექტურად გამოყენებისა და დატვირთვის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის.