ამირან სალუქვაძე: ვინ საუბრობს ეკლესიის დაფინანსების შეწყვეტაზე? ისინი, რომლებიც ასევე ფინანსდებიან ან ბიუჯეტიდან ან გაურკვეველი წყაროებიდან

 “ვინ საუბრობს ეკლესიის დაფინანსების შეწყვეტაზე? ისინი, რომლებიც ასევე ფინანსდებიან ან ბიუჯეტიდან ან გაურკვეველი წყაროებიდან”, – ასე ეხმაურება ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე საპატრიარქოსთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, 2015 წელს პოლიტიკური პარტიების შემოსავლებმა 12 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა, აქედან 10 მლნ. ლარზე მეტი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
“საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს…” – ამ შირმას ამოფარებული, საქართველოს ეკლესიაზე შეტევა მიმდინარეობს. 25 მლნ. ლარი გახდა პრობლემა? მაგარი ხერხია წლიური შემოსავლის დაჯამება და ჯამური ციფრის გამოცხადება, რათა მოსახლეობაზე მეტი ეფექტი მოახდინონ. ვინ საუბრობს ეკლესიის დაფინანსების შეწყვეტაზე? ისინი, რომლებიც ასევე ფინანსდებიან ან ბიუჯეტიდან ან გაურკვეველი წყაროებიდან. 25 მლნ. ლარი არის საქართველოს ბიუჯეტის 0,25%. ზოგს ეშლება არითმეტიკა, ამიტომ ვაზუსტებ, არა 25 ან 2,5 პროცენტი, არამედ 1 პროცენტის მეოთხედი. იმდენ უსაქმურს ვაფინანსებთ, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვთ ქვეყნისთვის.
2015 წელს პოლიტიკური პარტიების შემოსავლებმა 12 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა, აქედან 10 მლნ. ლარზე მეტი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. გესმით? 10 მლნ. ლარი ყოველწლიურად, 10 წელში 100 მლნ. ლარზე მეტია. (ქალ)ბატონებო, საზოგადოება და საქართველოს ეკლესიის მრევლი ნუ გერევათ ერთმანეთში, არის ცოტაოდენი განსხვავება. ორთავეს სახელით საუბარს შესაბამისი მანდატი ესაჭიროება. ორი დღის წინ, ჩემი წინა პოსტის მესამე ნაწილში გარკვეული მინიშნებები გავაკეთე რევოლუციური სცენარების დაუშვებლობასა და დუღილის ტემპერატურის დაწევაზე.
არ ესმის ხალხს. ზოგიერთისთვის თავის შეხსენების საშუალებაა, ზოგისთვის – თავის გამოჩენის. შედეგები ნაკლებად ადარდებთ. ვერ ვხედავ პრეზიდენტის აქტივობას ტემპერატურის დაწევის მიმართულებით. ზაფხულიდან მოყოლებული ვწერ, რომ ძალიან საფრთხილო 2017 წელი გველოდება. მოკლედ განვმეორდები რატომ: რუსეთი ემზადება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებისათვის, რისი ერთ-ერთი მთავარი საკითხიც გავლენათა სფეროები იქნება. 2006-2008 წლებში ვწერდი თავდაცვის პრობლემებზე. ვერ გავაგონე. შედეგებზე არც საუბარი მოგვწონს, არც გაკვეთილები გამოგვაქვს. ვერც ახლა ვაგონებ. უკვე ჯარის პრობლემებზე წერა დავასრულე. იქნებ გაიგონოთ და გაიგოთ ყველამ: დანის პირზე დავდივართ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ასე სიარული, სანამ ფონს გავალთ.
ეკლესიაში რომ პრობლემებია, ყველამ ვიცით. ყველა სახელმწიფოშია იგივე პრობლემები. არავის ეკრძალება ამ პრობლემებზე საუბარი. გეკრძალებათ ეკლესიაზე შეტევა. დღეს კი შეტევა მიმდინარეობს, რაც სახელმწიფოს, სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის. ეკლესია, მრევლი და მთავრობა მიხედავენ ამ პრობლემებს, გარე ძალების ჩარევის გარეშე.
არც ისეთი ხანძარია, რა ბოლიც დგას. თუ ჯარზე და სპეცსამსახურებზე ხშირად დამიწერია, რომ სახელმწიფოს ხერხემალია, ეკლესია სახელმწიფოს საყრდენია. ნუ იქნებით რომის პაპზე მეტი კათოლიკე და პატრიარქზე მეტი მართლმადიდებელი“, – წერს სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები