საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, პრეზიდენტის არჩევითობა, პარლამენტის ადგილმდებარეობა – ამირან სალუქვაძის ვრცელი შეფასება აქტუალურ თემებზე

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში – ამირან სალუქვაძე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის, პრეზიდენტის არჩევითობის, პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ამირან სალუქვაძე თითოეულ საკითხს ვრცლად მიმოიხილავს და აღნიშნულთან დაკავშირებით, თავის ხედვას წარმოგვიდგენს.
“ორი ადრე დაანონსებული და ერთი მიმდინარე თემა: 1. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა 2. პრეზიდენტის არჩევითობა 3. პარლამენტის ადგილმდებარეობა – ქუთაისი თუ თბილისი? 1. საკონსტიტუციო კომისია, ისევე, როგორც მოსმენების კომისიაშია, აქაც მოწვეული ექსპერტებისგან არავინაა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროთა სპეციალისტი.
ძალიან დიდ პატივს ვცემ იურისტებს (ისევე, როგორც სხვა სპეციალისტებს). კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, იურისტები უნდა წერდნენ, მე ვერ დავწერ, კონსტიტუციონალისტებიც თითოოროლა გვყავს, რადგან მხოლოდ იურიდიული განათლება არ ჰყოფნის, საჭიროა უზარმაზარი ცხოვრებისეული და სახელმწიფო მოღვაწეობის გამოცდილება, თორემ ნებისმიერი იურისტი დაირქმევს კონსტიტუციონალისტის სახელს. კონსტიტუციაში უამრავი საკითხია, რომლებიც სხვა სფეროს სპეციალისტების ჩარევას მოითხოვს.
პარლამენტში საკმაოდ არიან იურისტები, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროთა ყოფილი მაღალჩინოსნები. მე ვწერ გარედან მოწვეულ სპეციალისტებზე, ე.წ. 3-ე სექტორზე. რატომღაც, თავდაცვის და უსაფრთხოების სპეციალისტებს უკვე მეორედ არ ვიწვევთ. მაგალითისთვის, ასეთ განსაკუთრებულ საკითხებს მიეკუთვნება უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებები, სამხედრო ძალების და მისი მაღალჩინოსნების, ასევე, მათი დანიშვნის სწორად ჩამოყალიბება. მოქმედი კონსტიტუცია ამ მხრივ, გაუმართავია, ხოლო რაც მოქმედებს, ისიც წლების განმავლობაში ირღვევა.
2. პრეზიდენტის არჩევითობა. დავიწყოთ იქედან, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, უკვე დიდი ხანია სრულ საპარლამენტო მოდელზე ვიქნებოდით გადასული. ხომ კარგად გვახსოვს, როდის დაიწყო საპარლამენტო მოდელზე გადასვლა? კონსტიტუციაში არსებული ხარვეზებიც ზუსტად იმის ბრალია, რომ გარდამავალი პერიოდი იყო, სანამ წინა პრეზიდენტი საარჩევნო ვადას დაასრულებდა. ახლა გაჩხერილი ვართ შუა გზაზე, არც საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს და არც საპრეზიდენტო. პირადად მე, ძლიერი საპრეზიდენტო მოდელის მომხრე ვარ, რადგან 2020-ში იქნება თუ 2024-ში, აჭრელდება პარლამენტი და ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქრონიკული სამთავრობო კრიზისების მომსწრენი გავხდეთ. ამიტომ პარტიებიც უნდა გამსხვილდეს. 10-12 პარტიაც კი ბევრია, არათუ ორასი.
ახლახან გერმანიის ფედერალურმა კრებამ 12-ე პრეზიდენტი აირჩია, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქციები გააჩნია. ამავე დროს, მას საკმაო ფუნქციები აქვს: – წარადგენს ფედერალურ კანცლერს, ამტკიცებს და ათავისუფლებს მას – ამტკიცებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფედერალურ მინისტრებს და კანცლერის წარმომადგენლობას, ამტკიცებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფედერალურ მოსამართლეებს, ჩინოვნიკებს, ოფიცრებს და უნტერ-ოფიცრებს , განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის აქცენტებს. ცოტა უფლებამოსილება აქვს? ამავე დროს ის არსად ჩანს და მეტწილად, მსოფლიო არენაზე წარმოდგენილია ფედერალური კანცლერი, როგორც მთავარი აღმასრულებელი პირი. მასაც განსაკუთრებული უფლებები აქვს მთავრობის კაბინეტთან მიმართებაში. გერმანიის პრეზიდენტი აირჩევა, როგორც აღვნიშნე, ფედერალური კრების მიერ, 5 წლით, კანცლერი კი ბუნდესვერის (პარლამენტის) მიერ – 4 წლით. ყველაფერი დალაგებულია.
ჩვენთან საუბრობენ, რომ პრეზიდენტი ერთადერთი პირია, რომელიც ხალხის მანდატით სარგებლობს. დავიწყოთ იმით, რომ რომელიმე ძლიერი პარტიის ან ძლიერი დაფინანსების გარეშე, პრეზიდენტი ვერავინ გახდება. ამიტომ ვინ რით და რატომ სარგებლობს, ეს ცალკე თემაა და დეტალებში არ შევალ. არც დღევანდელ პრეზიდენტს შევეხები, თუმცა უამრავი რამ შემიძლია დავწერო, განსაკუთრებით, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, თუმცა ერთს მაინც აღვნიშნავ – როცა გენერლის მოქმედი სამსახურიდან დათხოვნის პატაკს დაგიდებენ წინ, დაიბარე, გაესაუბრე, ხელი ჩამოართვი და სიტყვიერი მადლობა გადაუხადე.
მოკლედ, თუ მივდივართ საპარლამენტო მოდელისკენ, ნუ გავჩერდებით შუა გზაზე. მათ შორის, გადასაწყვეტია სახელისუფლებო შტოების უფლებამოსილებები შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში. იქედან გამომდინარე, თუ რა მოდელზე შეჩერდება საკონსტიტუციო კომისია, შევთავაზებ ჩემს მოსაზრებებს. სხვა გზა არ გვრჩება, რადგან სამუშაო პროცესში ჩართულები არ ვართ. წინასწარ ის შემიძლია განვაცხადო, რომ საპარლამენტო მოდელის გაძლიერების შემთხვევაში, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი უნდა იყოს არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი. ასეთი მაგალითი ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. ნაწილობრივ ამ სტატიაშიც დავასაბუთე. შესაძლებელია დეტალურადაც.
საქართველოში თითქმის ყოველ წელს არჩევნები გვაქვს, ხან საპრეზიდენტო, ხან საპარლამენტო, ხან ადგილობრივი. ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული (დაახლოებით 60 მლნ. ყოველწლიურად). კარგი იქნება, თუ საკონსტიტუციო კომისია ერთიანი საარჩევნო დღის დაწესებაზე იფიქრებს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევითობას, საპარლამენტო მოდელის შემთხვევაში, ჩემთვის მისაღებია პრეზიდენტის არჩევა არა საყოველთაო არჩევნებით, არამედ გერმანული მოდელით. გერმანიაში ფედერალური კრება არაა მუდმივმოქმედი ორგანო, ის 5 წელში ერთხელ პრეზიდენტის ასარჩევად იკრიბება, თუმცა პარლამენტის მიერაც შეიძლება იქნას არჩეული.
მთავარია, იმპიჩმენტის პროცედურები იქნას გამკაცრებული, გაიწეროს, რა შემთხვევებში არის შესაძლებელი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის გადაყენება. ასევე, თუ ავირჩევთ ხმათა უმრავლესობით, იმპიჩმენტს უნდა სჭირდებოდეს 2/3 ან 3/4. ამ შემთხვევაში, დამოუკიდებლობის მხრივ, ისეთივე უფლებების პრეზიდენტს მივიღებთ, როგორიც ახლა გვყავს. დღევანდელი პრეზიდენტი პარტიული მხარდაჭერით მოვიდა და რა მნიშვნელობა აქვს გამარჯვებული პარტია საპარლამენტო წესით დანიშნავს, თუ საყოველთაო არჩევნებზე დაუჭერს მხარს?
P.S. პრეზიდენტი, როდესმე, სხვა ცხოვრებაში, ათონელზე უნდა გადავიდეს. პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა გახდეს უცხოური დელეგაციების მიღების ცენტრი. იქვე გადავიდეს საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროები. არანაირი კერძო სასწავლო ან სხვა დაწესებულებას საჩუქრად არ უნდა გადაეცეს. შენობა სამთავრობო კომუნიკაციებით არის აღჭურვილი.
3. პარლამენტის ადგილმდებარეობა – ქუთაისი თუ თბილისი? ამ საკითხზე დიდხანს არ შევჩერდები. საპარლამენტო მოდელის შემთხვევაში, პარლამენტის ადგილი არის დედაქალაქში, თუმცა საპრეზიდენტო მოდელის შემთხვევაშიც იგივე აზრზე ვარ. ხალხთან ურთიერთობაზე რომ არაფერი ვთქვათ (ნახევარი საქართველო თბილისში ცხოვრობს და ქუთაისში პარლამენტის გადატანით ქუთაისის მოსახლეობა არ გაზრდილა), სამთავრობო სტრუქტურებს, სამინისტროების იურისტებს, საპარლამენტო მდივნებს იმდენად მჭიდრო ურთიერთობა აქვთ საპარლამენტო სტრუქტურებთან, კომიტეტებთან, კომისიებთან, ცალკეულ დეპუტატებთან, რომ პარლამენტის დედაქალაქისგან მოშორება დიდ პრობლემებს და შეფერხებებს ჰქმნის. ყველა სხვა მოსაზრება თემის ზედმეტი პოლიტიზირებაა, დამატებითი დაძაბულობების შექმნის მიზნით“, -წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები