„უეცრად „ცა გაიხსნა“, ღრუბლები გაირღვა და  მემორიალზე  მზის ნათელი სვეტი დაეშვა“… –  რა დაიტოვა საიდუმლოდ ნანული ცხვედიანმა?  

მისი ბავშვობა  ფოთიდან იწყება. – პალიასტომის მოლივლივე ტალღებიდან, მამისეული პატარა ცისფერი სახლიდან და დიდი, კოლორიტული სამეზობლოდან… 9  წლის იყო, როდესაც ოჯახი ქუთაისში გადასახლდა.
შემდეგ იყო წარმატებები სკოლაში, მრავალჯერ გაიმარჯვა რესპუბლიკურ ოლიმპიადებში…  ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სწავლობდა… აქტიურად ჩაერთო დიდი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში… სკოლის ოცნებამ, ჟურნალისტი გამხდარიყო თავისთავად ჰპოვა ასრულება… და უძველესი, ყოველდღიური გაზეთის, „ქუთაისის“ ჟურნალისტი გახდა. 35 წელია ქუთაისის პრესის მუშაკია. ახლახან კი მისი წიგნი „გახსოვს, ქუთაისო!“ გამოვიდა, რომელსაც დიდი გამოხმაურებები მოჰყვა. – ნანული ცხვედიანის პერსონა.

10626469_721166491251928_5605869121789495394_n

– ფოთში დავიბადე. ჩემს ადრეულ ბავშვობას შავი ზღვის სანაპიროს, პალიასტომის ტბისა  და პატარა მდინარე კაპარჭინას განუმეორებელი  სურნელი ასდის. სულ მახსოვს  ჩვენი  პატარა, მოტორიანი ცისფერი ნავი, რომლის კიჩოზეც  პატარა გოგოს მიყვარდა ჯდომა და  ახალგაზრდა მამის  დიდი იმედით  პალიასტომის  ტბის მოლივლივე ტალღებში ლაღად შეჭრა. ზოგჯერ ვერცხლისფრად მოელვარე კეფალები ამოხტებოდნენ, ზოგჯერ გარეული იხვები გადაუფრენდნენ სივრცეს, ნიავს კი ტორფისა და ლაქაშების  უცნაური სუნი მოჰქონდა.
ნინოშვილის უბანში ვცხოვრობდით, კეცხოველის ქუჩაზე, დიდ სამეზობლოსთან ერთად. ცენტერაძეების, გუჯაბიძეების, ბერიძეების, ნიკოლეიშვილების, ნასარიძეების, ტიკარაძეების, სარჯველაძეების, ხოშტარიების  გვერდით, ძალიან თბილი რუსი, სომეხი და უკრაინელი მეზობლებიც გვყავდა, ერთ  ოჯახად ვიყავით, ჭირი და ლხინი საერთო გვქონდა.
განსაკუთრებით მიყვარდა კეთილი და  ალერსიანი „წიოწია“  იულია, რომელიც დილაუთენია  გადმოგვაწოდებდა ხოლმე  ალუმინის დიდ ტაშტში ჩაყრილ,  დანამულ ქორფა კიტრებს, ან თავის ნახელავ ალუბლის  კისელსა და კატლეტებს მოგვართმევდა. მისი ქმარი, ძიაძია ანდრეი სტაროვერი იყო და გრძელ, ჭაღარა წვერს ატარებდა.
ის და მისი თანამორწმუნეები განცალკევებულად მოძრაობდნენ, ახლო ურთიერთობა არც ჰქონდათ მეზობლებთან. სამაგიეროდ, შვილები – თითქმის ჩემი ტოლი, „ჩოლკიანი“ გალკაია და მისი უფროსი და, კოხტა,  წარმოუდგენლად მშვენიერი ნინა ჩვენი დიდი მეგობრები იყვნენ.
ფოთიდან ერთი ხნიერი კაციც დამამახსოვრდა განსაკუთრებულად – ვინმე ღუღუნა კვარაცხელია, რომელსაც ყოველთვის ხაკისფერი სამხედრო კიტელი და ლურჯი გალიფე ეცვა  და ვირტუოზულად დააჭენებდა ლამაზ  ცხენს. ზოგჯერ  მთელი ძალით გამოაქანებდა თავის ქურანს  და ვახტანგ ბიძიას  დიდი სატვირთო ავტომანქანის ძარაზე შეაგდებდა, იქ კი, ყალყზე აღმართული ცხენის ზურგზე,  გამარჯვების ყიჟინას დასცემდა. მერე მისი სიჩაუქით აღტაცებულ ბავშვებს  დიდსულოვნად დაგვირიგებდა ჯიბეებიდან გამოღებულ  ხაჭაპურის მტვრიან ნაჭრებსა და მწვანე ლიმონებს. უფროსები ამბობდნენ, ღუღუნამ ომში მიიღო მწვავე კონტუზია და მას შემდეგ არის ასეო…
ხუთი წლის ასაკში, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, ვისწავლე წერა-კითხვა, ეს მას შემდეგ მოხდა, როცა აპრილის მზიან დილას  დავინახე, როგორი ჟრიამულით აფრიალებდნენ ჩემი ოჯახის წევრები და  მეზობლები ფოსტალიონის მიერ ახალმოტანილ დიდ გაზეთს. პირველ გვერდზე  უცნაურქუდიანი (თურმე – კოსმონავტის სკაფანდრიანი) ახალგაზრდა კაცის ფოტო იყო დაბეჭდილი. წარამარა ვკითხულობდი, რა წერია აქ, რატომ არის ყველა ასე გახარებული-მეთქი. მაგრამ  უფროსებს  სად ეცალათ, რომ  ჩემთვისაც წაეკითხათ რაიმე, მხოლოდ ის მითხრეს, ეს მოცინარე ლამაზი ბიჭი იური გაგარინია, კოსმოსში გაფრინდა ხომალდითო. აი, მაშინ გადავწყვიტე, მეც მესწავლა კითხვა და იური გაგარინის ამბების გასაგებად უფროსებივით მეც გამეშალა ის ვეებერთელა  ფურცლები, თურმე გაზეთი რომ ერქვა.
– პირველი შემოქმედებითი ცდა…nanuli-ori
– მეორე კლასში დამეწერა პირველი უბადრუკი ლექსი, რომელიც მამაჩემის მშობლიურ რაჭას მივუძღვენი. იმხანად სერგო კლდიაშვილის მოგონებებში ამოვიკითხე, რომ  მისი მეგობრები ღამეებს ათენებდნენ რითმების  ძიებაში. რითმა რაც იყო, ამას ჩემით მივხვდი: ლექსს რომ განსხვავებული დაბოლოებები ჰქონდა, იმით.
ჰოდა, დავიწყე საქველმოქმედო ოცნება: დიდი რომ გავიზრდები, რითმების წიგნს დავწერ  და პოეტებს აღარ დასჭირდებათ  ღამეების გათენება, ჩემს წიგნში ამოიკითხავენ მათთვის სასურველ, მზამზარეულ რითმებს-მეთქი. სხვათა შორის, ისიც მეგონა, რომ პოეტები კლუბებში, წითელმაუდგადაფარებულ მაგიდებთან კორპორაციულად ისხდნენ და ასე ერთობლივად  ქმნიდნენ ნაწარმოებებს…
სკოლაში კარგად ვსწავლობდი. იმხანად წერის დედანი იშვიათი საშოვნელი იყო და ჩემი საყვარელი კლარა მასწავლებელი, რომლის წითელი „ფრიადებისა“ და მიმზიდველად ჩახუჭუჭებული ხელმოწერის მიბაძვასაც ისე გულმოდგინედ ვცდილობდი  სავარჯიშო რვეულში,  ჩემი სუფთა წერის  რვეულს ნიმუშად ატანდა ხოლმე ბავშვებს.
ერთხელაც  „ცუდი“ რამ შემემთხვა…
კლარა მასწავლებელმა დაფაზე  აგვიხსნა, როგორ იხატება ფოთოლი, გადაშლილი ან დაკეცილი წიგნი, მერე კი დაგვავალა, სახატავ რვეულებში ის დაგვეხატა, რაც თავად გვსურდა. მე გავიხსენე მეზობლის ქორწილში შორიდან  დანახული  სურათი და ფერადი ფანქრებით, საკმაოდ ოპერატიულად დავხატე „ცეკვა ქართული.“
არც კაცის ლაღად მოკეცილი მარჯვენა  მუხლი დამვიწყებია, არც – ქალის ხელების მოძრაობა, მეტიც –  ქალის მკერდისა და კაცის შარვლის პიკანტური ნაოჭებიც გამოვსახე. ის იყო, ხატვას ვამთავრებდი, რომ კლარა მასწავლებლის შეკივლება  მომესმა: „უზრდელო შენ! ეს რა არის, ა? ესაა ფოთოლი და წიგნი? ამოხიე, ჩქარა, ეს საშინელება, ჩემმა თვალებმა არ დაინახოს!“ თავზარდაცემული დავემორჩილე და მერე მთელი ორი დღე პერმანენტულად იმის შიშით ვიცხოვრე, გაბრაზებულ მასწავლებელს მშობელი არ დაებარებინა სკოლაში და ჩემი  ცუდი საქციელის შესახებ არ მოეყოლა.
შეიძლება ითქვას, ცხოვრებაში პირველ ცენზურას და სისასტიკეს სწორედ ამ ადრეულ ასაკში გადავაწყდი.
– ქუთაისთან პირელი შეხვედრა…
-1965 წლის ზაფხულში დავტოვეთ მამაჩემის საკუთარი ხელით აშენებული პატარა, ცისფერი სახლი, ხეხილიან – ტალავერიანი  ეზო, თვალცრემლიანი მეზობლები და ორი დიდი სატვირთო ავტომანქანით გამოვეშურეთ ქუთაისისაკენ.
პაპუჩია ერთ-ერთი მანქანის  ძარაზე იჯდა, რომ საოჯახო ნივთებისა და ავეჯისათვის ყურადღება მიექცია, მე და ჩემი უმცროსი და ციცინო კი (ამჟამად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანი) დედიკოსთან ერთად ვისხედით და გზას გაფართოებული თვალებით გავყურებდით.
არასოდეს დამავიწყდება ქუთაისთან პირველი შეხვედრა. სიცხისაგან გახურებულ ასფალტზე დახეთქილ-დამსკდარი ლეღვისა და ადესის მარცვლების გამაბრუებელი, არომატული სურნელი ტრიალებდა, გადასასვლელზე კი ჩემი ტოლი ჭრელკაბიანი გოგონა დამოუკიდებლად გადარბოდა და მე ძალიან მიკვირდა, რომ მას სულ არ ეშინოდა ასეთ დიდ ქალაქში მარტო სიარული.
ქუთაისისა და ფოთის მეშვიდე საშუალო სკოლები იმხანად დამეგობრებულები იყვნენ და მე და ციცინოც სწორედ აქ შეგვიყვანეს. მახსოვს, გრძელნაწნავებიან და  თეთრბაფთებიან მესამეკლასელ გოგოს ახალი  თანაკლასელები რომ შემომეხვივნენ და საუბარი დავიწყეთ, როგორ გამაოგნა და შემაძრწუნა  იმან, რომ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, სად იყო თეთრი ხიდი, თეთრი ქვები, ოქროს ჩარდახი –   ლევან ასათიანის, დავით კვიცარიძისა და ზურაბ კუხიანიძის წიგნებიდან  ასე რომ  მიყვარდა,  შორიდან  ვეთაყვანებოდი და  სწორედ მათ გამო მომიხაროდა  ქუთაისისაკენ ცხრა წლის მეოცნებეს.
– მოსწავლეთა სასახლის ხატვის წრეში დადიოდით…15936459_1478489172180000_5976324902193747869_o
–  დიახ, მოვიდა ის დღეც, როცა პირველად მივეახლე ჩემს სანატრელ ადგილებს და მეტიც, მათი დახატვაც კი დავიწყე. ეს მაშინ, როცა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ხატვის წრეში, ჩვენი  ჯადოქარი პედაგოგის – ალექსანდრე ტოგონიძის ხელდასხმით დავიწყე ხატვა და პლენერებზე სიარული. ალიოშა მასწავლებელმა ჩემი კომპოზიციების  პირველი პერსონალური გამოფენაც მომიწყო,  მისი  წყალობით გავხდი რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი ოლიმპიადის ლაურეატი და მედალოსანიც, მრავალი დიპლომისა და სიგელის მფლობელიც.
პირველი ადგილი და  პირველი ხარისხის  დიპლომები მოვიპოვე ქართული წერის რესპუბლიკურ ტურებზეც და,  შეიძლება ითქვა, უკვე გამოიკვეთა  ჩემი პროფესიული  ორიენტაციაც – ან სამხატვრო აკადემია, ან   ჟურნალისტიკის სპეციალობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამწუხაროდ, ვერც ერთი! დედაჩემი მწარედ ატირდა, 16-17 წლის ბავშვი მარტო როგორ გაგიშვა თბილისში, ნანუა, ჩემო გოგოო. ჰოდა, რაკი მუდამ ვიყავი მორიდებული და დამთმობი უფროსი შვილი, დავემორჩილე მშობლის ნებას –  ქუთაისში დავრჩი.
– საინტერესო სტუდენტობა გქონდათ… ხელნაწერი ჟურნალის ორიტომეულის პასუხისმგებელი რედაქტორი იყავით… აქტიურად ესწრებოდით პრემიერებს სახელმწიფო დრამატულ და საოპერო თეატრებში, კონცერტებს, გამოფენებს…
– სკოლის დამთავრებისთანავე დიდ მისაღებ კონკურსში გავიმარჯვე და  კიდევ 12 ბედნიერ აბიტურიენტთან ერთად გავხდი ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით.
გვასწავლიდნენ  ძალიან კარგი პროფესორ-მასწავლებლები. ერთი მათგანი განსაკუთრებულად უნდა დავასახელო – დოცენტი დავით მაჭავარიანი, ეს ძალიან მკაცრი, მარტოსული, გაუცინარი, სინამდვილეში კი დიდსულოვანი და კეთილშობილი კაცი! შეიძლება ითქვას, ქართული ენისა და პოლიპერსონალური ზმნების მთელ საიდუმლოს დაგვაუფლა, ქართული ენის სილამაზეს გვაზიარა…
მეორე კურსზე რომ გადავდიოდით, მე ზაფხულში დამოუკიდებლად დავამუშავე თემა – „ქვემო რაჭის მეტყველების თავისებურებანი სოფელ ქვიშარის  მცხოვრებთა მაგალითით და ამავე სოფლის ტოპონიმიკა.“
პირველ სექტემბერს ჩემი უმკაცრესი ლექტორის ლმობიერი მცირე ღიმილიც  დავიმსახურე და მისი ვერდიქტიც:  სტუდენტთა საენათმეცნიერო წრეს მეოთხე-მეხუთეკურსელი ფრიადოსანი, გამორჩეული სტუდენტი კი არა, ამიერიდან თქვენ, სწორედ თქვენ უხელმძღვანელებთ, მეორეკურსელო  ცხვედიანო!15874668_1478499028845681_5878225063189099025_o
ყურებს არ დავუჯერე, მაგრამ ინსტიტუტის ახალგაზრდა მწერალთა წრის ხელმძღვანელობიდან სასწრაფოდ რომ გამათავისუფლეს და ენათმეცნიერების სიღრმისეულად შესასწავლად გამამწესეს  დავით მაჭავარიანის დიდი ხათრითა და  პატივისცემით, მერე რაღას ვიზამდი.
დაიწყო არაჩვეულებრივი სტუდენტური  მუშაობა – ძალიან საინტერესო თემებით. წრეს  მონდომებული მომხსენებლებიც ჰყავდა, მკაცრი ოპონენტებიც  და დისკუსიაში მონაწილეთა დიდი აუდიტორიაც. გამოვუშვით ხელნაწერი ჟურნალის ორი ტომიც, რომელთა პასუხისმგებელ რედაქტორადაც  ბატონმა დავითმა  მე დამნიშნა.
პარალელურად, ჩვენი ფაკულტეტის დეკანის, განათლებული და  პატრიოტი კაცის, პეტრე ვაჭრიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად დავდიოდით პრემიერებზე სახელმწიფო დრამატულ და საოპერო თეატრებში, კონცერტებზე, გამოფენებზე, მხატვრის სახელოსნოებში. მისივე დიდი ძალისხმევით, სხვადასხვა დროს მოვიწვიეთ: მურმან ლებანიძე,  ანა  კალანდაძე, ფერეიდნელი ქართველები, კიდევ ბევრი საინტერესო ადამიანი, რეზო ინანიშვილთან შეხვედრა კი პირადად ჩემი თაოსნობით და ჩემი კურსელების დიდი მხარდაჭერით ჩატარდა. ახლაც  განსაკუთრებულად ვინახავ მაშინდელ ფოტოებს, რეზო ინანიშვილის შესანიშნავი ხელნაწერი ბარათი  ქუთაისის  სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს გადავეცი.
– სტუდენტი იყავით, როდესაც თქვენ მიერ დაწერილი რეცენზია მოიწონეს… იმავდროულად,  რესპუბლიკურ ლიტერატურულ  კონკურსში თქვენმა დოკუმენტურმა მოთხრობამაც გაიმარჯვა…
– მესამე კურსზე ვიყავი, როცა რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ მესხიშვილის თეატრის სცენაზე „დიდოსტატის მარჯვენა“ დადგა. ქანდარაზე ძლივს ვიშოვეთ ბილეთები მე და ჩემმა მეგობრებმა. იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს, ისეთი მძაფრი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა პირველის მიერ  განსახიერებული ფარსმან სპარსით – ამ უსამშობლოო, მარტოსული კაცით.
დილით, ცხელ გულზე, გავაშანშალე მოზრდილი წერილი და თეატრში გავუგზავნე შოთა პირველს. მაყურებლის თვალით  ვაფასებდი სპექტაკლის რეჟისურას, სამსახიობო ანსამბლს, სცენოგრაფიას, შოთა პირველის მიერ სრულიად  განსხვავებულად,  საკუთარი აქტიორული შტრიხებით უზადოდ შესრულებული პორტრეტის სირთულეს. თამამად და ახალგაზრდული დაუნდობლობით ვაკრიტიკებდი სპექტაკლის ზოგიერთი მონაწილის ზედაპირულ თამაშს. ახლა, ამ გადასახედიდან, მგონი,  ზედმეტად მეტიჩარა  ბავშვიც ვიყავი, მაგრამ წერილმა  არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო: მეორე დღესვე შოთა პირველი ინსტიტუტში მობრძანდა ჩემს გასაცნობად, მანამდე კი, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, თურმე  პარტიის საქალაქო კომიტეტის დარგობრივი სფეროს ხელმძღვანელობა ჩაუყენებია საქმის კურსში: ერთი პატარა გოგო აღმოვაჩინე, რომელსაც უყვარს თეატრი და როგორმე გავზარდოთ ჟურნალისტად, ვინც  თეატრზე დაწერს. აი, ასეთი კადრით უნდა გადახალისდეს  რედაქციაო.15822915_1478492892179628_7982091571600146916_n
სახალხო არტისტის სიტყვა მაშინ ჰაერში კი არ განიბნეოდა. სასწრაფოდ  დარეკეს ინსტიტუტში, დამიბარეს ქალაქკომში, მაგრამ მესამეკურსელი რომ აღმოვჩნდი, ამან გეგმები დროებით შეცვალა.
თუმცა ყველაფერ ამას უშედეგოდ მაინც არ ჩაუვლია – მაშინვე გამიჩნდა დაუძლეველი ამბიცია, რომ, დიახაც,  მემუშავა ჟურნალისტიკაში და ვყოფილიყავი ქალაქში გამომავალი უძველესი, ქართულენოვანი, ყოველდღიური გაზეთ „ქუთაისის“კარგი თანამშრომელი. უნიჭიერესი ჟურნალისტების, პრესაში ჩემი პირველი მასაწავლებლების – სერგო მაღლაფერიძისა და რუთა ბეროძის პირველ საგაზეთო დავალებებსაც (ინტერვიუები, რეპორტაჟები, კორესპონდენციები) თავი ყოველგვარი რედაქტირების გარეშე გავართვი და ერთ მშვენიერ დღეს რედაქტორმა გივი მეფისაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 1979 წლის ოქტომბრიდან გაზეთ „ქუთაისის“ კორესპონდენტი და ლიტერატურული მუშაკი გავხდი.
ჰო, ამას კიდევ ის უძღოდა წინ, რომ მწერალთა კავშირისა და ჟურნალ „განთიადის“ მიერ გამოცხადებულ რესპუბლიკურ ლიტერატურულ კონკურსში, რომელშიც ცნობილი მწერლები მონაწილეობდნენ, ჩემმა დოკუმენტურმა მოთხრობამ – „მე ვინ დამიმტვრევს ფრთებს“ მესამე  ადგილი და ფულადი პრემია მოიპოვა.
– პირველი ნაბიჯები… საბჭოთა დროში მოგიწიათ მუშაობა… არ გიჭირდათ?
– არ იყო მთლად ადვილი. მაგრამ მთელი ყურადღება იმაზე გადავიტანე, რაც შეიძლება, საინტერესო ფორმით მეწერა,  კარგად შემესწავლა  ჟანრული სპეციფიკა და ამით მაინც  შემერბილებინა ის იდეოლოგიური ჩარჩო, რასაც იმხანად ჩვენი ნაწერებისაგან ითხოვდნენ. ასევე ყველგან ვეძებდი საინტერესო თემებს, რესპონდენტებს.
არადა, რა დრო იყო! ეტყობა, პროფესიული თვითგადარჩენის მძლავრი ინსტინქტი  გამოვიმუშავე და, რაღაცნაირად, გვერდი ავუარე წერის კონიუნქტურულ ფორმას.  მახსენდება, როგორ დამიბარა ერთხელ პრესის სახლში მჯდომმა მთავლიტმა, ანუ საბჭოთა ცენზორმა, თავისებურად კარგმა ადამიანმა, და  „ტრენინგი“ ჩამიტარა: არასდროს გამოიყენო სიტყვათშეხამება: „გაერთიანებული ავიარაზმი,“ არ ახსენო საჯარისო შენაერთის ნომერი, საიდუმლო ქარხანა „ვოსხოდი“ ან „ზარია“ და ასე შემდეგ… რატომ? იმიტომ, რომ მტერს ინფორმაცია არ მისცე! იმიტომ და იმიტომ!..
ამან რედაქციაში მეც და ჩემს თანათაობელ ჟურნალისტებსაც  კანონთან შინაგანი სიფრთხილე და  იმის შიშით წერა გვასწავლა, ემანდ ცენზორმა არ დაგვიჭრას ნაწერიო,  ფაქიზად  ვარჩევდით სიტყვებს, ფრაზებს… სამწუხაროდ, ასე ჩამოგვიყალიბდა თვითცენზურა  შიგნით, ჩვენში.
იყო კიდევ ერთი მძიმე მომენტი – მასალის თემა და შინაარსი წინასწარ უნდა შეგვეთანხმებინა განყოფილების გამგის, პასუხისმგებელი მდივნის, ან რედაქტორისათვის, რადგან, სულ ადვილად შეიძლებოდა, რედაქციას რაღაც მიზეზით დაეწუნებინა, აღარ დაბეჭდილიყო და ჩვენი რესპონდენტების წინაშე ფრიად უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით. დღევანდელი ჟურნალისტებივით თავისუფალი არჩევანი კი არ გვქონდა!
ზოგჯერ ძალიან საინტერესო ფაქტს ოპერატიულად გადავწყდომივარ, მაგრამ, ზემდგომთან შეთანხმებამდე ვერ დამიწერია. ამ დროს  ხომ თემა  „ცივდება“,  ემოცია მკრთალდება,  ნაწერს სხივი ეკარგება ინტრიგასთან ერთად.
– 35 წელი იმუშავეთ ქუთაისის პრესაში, აქედან ბოლო 15 წელი რეგიონული დამოუკიდებელი გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ რედაქტორი იყავით. გაავლეთ პარალელი გასული საუკუნის 80-იანი წლებისა და ახლანდელ ჟურნალისტიკას შორის…15826264_1478492202179697_1007939083927844940_n
– იდეოლოგიურ ჩარჩოებში მკაცრად მოქცეული, მაგრამ შემოქმედებითად კარგად განვითარებული  ჩვენი და უფროსი თაობის ჟურნალისტები დიდ ყურადღებას უთმობდნენ  მასალის ჟანრულ მრავალფეროვნებას, სიღრმეს და სიცხადეს, ენისადმი ფაქიზ დამოკიდებულებას, ლექსიკას, ორთოგრაფიას, სათაურების აკადემიურობას.
სამაგიეროდ, ახლანდელები შეუდარებელნი არიან წყაროების მოძიებაში, ასევე – ინფორმაციის წერისას მხარეების შეუდარებლად მაღალ დონეზე დაბალანსებაში.
მართალია, წერის ნიჭი და კულტურა დღეს იშვიათად აქვს მოსაწონი ვინმეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ჟურნალისტების ერთიან  მასას – თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების მოშველიებით და ენერგიულობით – ოპერატიულად, თითქმის ფაქტის მოხდენისთანავე  გამოაქვს ინფორმაცია  მკითხველის (მაყურებლის, მსმენელის) დიდი აუდიტორიის წინაშე.
ახალი მედია პირდაპირ სასწაულებს ახდენს ოპერატიულობის თვალსაზრისით…
თუ ადრე პუბლიცისტიკა ყვაოდა, ახლა ნიუსი მეუფეობს. ადრე ჟურნალისტები ცოტანი იყვნენ და თავმდაბლობის გამო არც უწოდებდნენ საკუთარ თავს „ჟურნალისტს“, ახლა პირველი კურსის სტუდენტსაც ჟურნალისტი ჰქვია და დიდ ტრენინგებზე დადის რედაქციის სახელით. მთავარი, რაც მომწონს ახალი თაობის  ჟურნალისტებში, ის არის, რომ თამამად შლიან ფაქტს საინფორმაციო  საბაბის მიხედვით და პატარა-პატარა ნიუსებად და სიუჟეტებად ანაწევრებენ.
ჩვენ  მეორეხარისხოვან დეტალებსაც  კი ვერ ვთმობდით და, შედეგად,  „ზეწრებს“ ვაფრიალებდით გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, აქვე დავძენ, რომ ადრე მეტი პასუხისმგებლობა იყო საზოგადოების წინაშე, ფაქტები, ციტატები, ტიტულები, ციფრები მკაცრად გადამოწმდებოდა ხოლმე. კიდევ ერთი: ახლა  უახლესი ტექნიკური აღჭურვილობაა, როგორც ვთქვი, მოვლენის ადგილიდან სულ რაღაც წუთებში, პირდაპირ გადმოიცემა მასალა,  ჩვენ კი წიგნაკებისა და ავტოკალმების თაობა ვართ, ხელით ვიწერდით ინტერვიუებს, ხელითვე ვაქცევდით  სტატიებად და რეპორტაჟებად. პირადად მე  ჟურნალისტური საქმიანობის მეთექვსმეტე წელსღა მეღირსა დიქტოფონი.
– როგორ დაიწერა წიგნი „გახსოვს, ქუთაისო?“kutaiso-1
– საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც ბოლო სამი წელია, ძველი გაზეთების ბიბლიოგრაფიის შექმნაზე ვმუშაობ, ძველ კომპლექტებს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე, რომ თურმე წლების მანძილზე შევხვედრივარ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს და დამიწერია  მნიშვნელოვან თემებზე. დამენანა სადღაც-სადღაც, ჟურნალ-გაზეთებში მიმობნეული ეს დიდი ინფორმაცია, რომელიც, ჩემი აზრით, საყურადღებო შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი თაობის მკითხველისთვისაც.
ვიფიქრე, ამ ათასობით წერილიდან მხოლოდ ქუთაისთან გარკვეული კუთხით დაკავშირებული თემები ამომერჩია. სულ სამასამდე პორტრეტი, ინტერვიუ, რეპორტაჟი და სტატია შევარჩიე, აქედან კი საბოლოოდ  150-მდე „მოვიწონე.“ ჩემი წიგნის დიზაინერი, საუკეთესო  კოლეგა და ადამიანი, ირმა ბახუტაშვილი, ლამის ხელჩართულ ომს მიცხადებდა ყოველი „ამოგდებული“ მასალის გამო, მაგრამ მკაცრი ავტორი ვარ…  ისე,  გამონაკლისიც ბევრჯერ დავუშვი – წიგნში შევიტანე ისეთი წერილები, რომლებიც მაინცდამაინც არ მომწონდა, მაგრამ რესპონდენტისა თუ თემის გამო გავხდი „კეთილი“. წიგნი  სულ 660-გვერდიანია, შეიცავს უნიკალურ საარქივო ფოტომასალას.და სულ რომ არ მოველოდი, ისეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქუთაისში.
– 35 წლის განმავლობაში კულტურის საკითხებზე მუშაობდით და ქუთაისის კარგ მეისტორიედ გიცნობენ… ყველაზე მეტად რომელ ამბავს გაიხსენებთ ახლა?
– „კარგი მეისტორიე?“ – ამ შეფასებას, გულწრფელად ვიტყვი, არ ვიმსახურებ. ისე კი, ვწერდი ეკონომიკის, პოლიტიკის და, განსაკუთრებით, სოციალურ თემებზეც, მაგრამ ქუთაისის ბოლო ასწლეულის ისტორია და კულტურის სფეროში მიმდინარე ამბები ყოველთვის ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
ჩემს წიგნში „გახსოვს, ქუთაისო?“ ალბათ, განსაკუთრებით ღირებულია გალაკტიონზე,  პიპინია მიქელაძეზე, ლადო ასათიანზე,  სანდრო ცირეკიძეზე, ძველ ქუთათურ ოჯახებზე  მოპოვებული დოკუმენტური მასალა.
– ალბათ, იყო რეპორტაჟები, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო წიგნში არ შეიტანეთ…
–  წიგნში არ შემიტანია  ის რეპორტაჟი, რომელიც ჩემს მეგობართან, ნინო ცირამუასთან ერთად 1980 წლის 5 ნოემბერს მოვამზადე მერაბ ბერძენიშვილის  საბრძოლო დიდების მემორიალის გახსნისას. ათასობით ადამიანი ჩამოვიდა საქართველოს ყველა კუთხიდან, ცივი, სუსხიანი ამინდის მიუხედავად, ყველა  უაღრესად ბედნიერი იყო, რადგან ასეთმა ღრუბელმაც ვერ დაჩრდილა მასობრივი სიხარული, ეროვნულობის ის საყოველთაო განცდა, რასაც გრანდიოზულ სტელაზე აღმართული ბრინჯაოს თმაგაშლილი  დედა, მამულისათვის შობილი მისი  მოზრდილი თუ ჯერაც ჩანასახში მყოფი შვილები, ქონგურებზე ახმიანებული ბრინჯაოს  შვიდი ზარი და, რაც მთავარია, მარადისობიდან ცხენდაცხენ გამოჭრილი, წელს ზემოთ შიშველი, დაკუნთული მზეჭაბუკი იწვევდნენ. მზეჭაბუკს ხელთ ეპყრა ზეაღმართული სატევარი, რომლიდანაც  მარადიული ლურჯი ცეცხლი იფრქვეოდა.  ეს არ იყო საბჭოთა  კონიუნქტურით გაკეთებული  ძეგლი, ეს სრულიად ქართული, დიდი  ეროვნული იდეისა და შინაარსის ნაწარმოები გახლდათ.
იცით, კიდევ რა მოხდა? ლენტი რომ გაიჭრა, უთვალავი მტრედი აუშვეს ცაში და ერთ-ერთი მათგანი მარჯვენაზე  დააჯდა მერაბ ბერძენიშვილს. ზუსტად ამ დროს თითქოს „ცა გაიხსნა“ – ღრუბლები გაირღვა და  მზის ნათელი სვეტი დაეშვა მემორიალზე, რომლის შუბლზეც შვიდი საკრალური ზარი სხვადასხვა ხმით წკრიალებდა!15871828_1478493812179536_2986288572259311034_n
ამ ძეგლს დაანგრევდა მოაზროვნე ადამიანი? თანაც, ახალგაზრდა დედისა და პატარა გოგონას სიცოცხლეც რომ ემსხვერპლა, ნამდვილი დამნაშავე კი მიაფუჩეჩეს!
ძალიან მტკივა ეს ამბავი და  წიგნში შეტანას მოვერიდე, იქნებ დამავიწყდეს როდესმე.
სიჩქარის გამო, წიგნში შეტანილი არა მაქვს კიდევ ერთი საინტერესო რამ. ერთხელ საქართველოს სახალხო მხატვარმა, რეზო გაბრიაძის მუზამ, ცნობილმა  მოქანდაკემ და კოლორიტულმა კაცმა, ვალერიან მიზანდარმა გამომცდელი ღიმილით მკითხა, შენ თუ იცი, მხატვარი გიორგი მაისურაძე სად არის დაკრძალულიო? როგორ  არა,  მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წარწერაც ხომ აქვს საფლავს-მეთქი. არა, გენაცვალე, საფლავის წარწერა კი არის, მაგრამ იმ ქვის ქვეშ გიორგი მაისურაძის ნეშტი არ განისვენებს, ცარიელიაო.
დიდად რომ გავიოცე, ბატონმა ვალიკომ  მიამბო, 50-იან წლებში, როცა პანთეონი ოფიციალურად გაიხსნა, ქუთაისის სხვადასხვა  სასაფლაოდან გადმოასვენეს  მიცვალებულები. გიორგი მაისურაძე საფიჩხიიდან წამოიყვანეს და, სანამ საფლავს მოაწყობდნენ, დროებით დაფლეს წმინდა გიორგის ეკლესიის კედელთან, იქ, სადაც ახლა აგურებია ამოშენებული. მერე, რატომღაც, აღარ ჩაასვენეს ამ ახალგაჭრილ საფლავში და იქვე დატოვეს, წარწერა კი არის, მაგრამ…
ვთხოვე,  ჩემს მოსწავლეებთან – ნორჩ ჟურნალისტებთან ერთად ამყევით პანთეონში და მაჩვენეთ ის ადგილი, სადაც რეალურად განისვენებს დიდი ქართველი მხატვარი-მეთქი. კიო, ხალისით დამთანხმდა. მომდევნო  დღეებში ცუდი ამინდები იყო, მერე თვითონ გახლდათ შეუძლოდ,  კიდევ რაღაც მოხდა და… უცებ  ვალიკო მიზანდარი არ გარდაიცვალა?!
წლების მანძილზე მაწვალებს ეს ფაქტი, ვის არ ვკითხე, ვის არ მივმართე და არავის ახსოვს. არადა, მხოლოდ მე ხომ არ მომიყვებოდა ამ ისტორიას! ისიც საკვირველია, რომ ბატონი ვალიკო მხატვართა ორგანიზაციის თავკაცი იყო, თუ ასეთ ინფორმაციას ფლობდა, რატომ არ დააყენა საკითხი „ზემდგომის“ წინაშე?  ეტყობა,რაკი  მძიმე რეჟიმი იყო, არ მოხერხდებოდა მაშინ ასეთი ცუდი  შემთხვევის  გახმიანება…
– როგორია თქვენი თვალით დანახული ნამდვილი ქუთაისი? რა მოგწონთ და რა არა? როგორ ქალაქს ისურვებდით?
– ქუთაისს აქვს თავისი ძლიერი მისტიკა, მარადი სული, რომელსაც, ვფიქრობ, მხოლოდ რეზო ჭეიშვილი და რეზო გაბრიაძე ჩასწვდნენ ნაწარმოებებით –  „მუსიკა ქარში“ და „ქუთაისი ქალაქია…“ ეს არის ძალიან გამორჩეული ტრადიციების, ცოტაოდენ სნობური სოციუმის, თვითმყოფადი არქიტექტურული განაშენიანების ქალაქი.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ხელისუფლებაში მოსულმა გაუნათლებელმა ჩინოვნიკებმა ძლიერ აურ-დაურიეს  წარსულიდან შემორჩენილი ფასეულობები, უხეშად ხელყვეს  ტრადიციული  კოლორიტული არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.  მაგალითად, ოპერის თეატრის მორთვა-მოკაზმვისა და სახურავზე რაღაც შუასაუკუნეების რომაელ მოქალაქეთა ჯგუფის დამონტაჟების შემდეგ, იქვე, ფალიაშვილის ძეგლთან, დაუნდობლად მოჭრეს  ისტორიული ბულვარის კუთვნილი ორი დიდი ხე, რათა „რეაბილიტებული თეატრის“ საზეიმოდ გასახსნელად ჩამოსული სააკაშვილისათვის  ღია აუდიტორია მოეწყოთ და გამოთავისუფლებულ ადგილზე სკამები ჩაედგათ  საგანგებოდ შერჩეული საზოგადოებისათვის.15844734_1478514235510827_8983724926493633923_o
ეს  170 წლის ბულვარი ერთ დროს აკაკი წერეთლის, მამია გურიელის, გიორგი შარვაშიძის, კირილე ლორთქიფანიძის, დავით კლდიაშვილის,  ნიკო ნიკოლაძის, გიორგი  ზდანოვიჩ-მაისაშვილის, კირილე ზდანევიჩის, დიმიტრი ყიფიანის, რაფიელ ერისთავის, დავით მეველის, ვასილ ამაშუკელის, გალაკტიონის, ცისფერყანწელებისა და სხვა გამოჩენილ ადამიანთა სულიერი სავანე იყო…
აკაკის თქმით,  „ქუთაისის პარლამენტი“, ანუ საზოგადოებრივ  აზრთა საფიხვნო გახლდათ,- და დღეს იქ  სხვადასხვა უსახური ნაგებობაა ჩადგმული, ასწლოვან ხეებს შორის სავალი ბილიკები – შემცირებული, შადრევანთა აუზები და შიგა მოედნები – გაფართოებული, მანქანების სადგომები კი – ჩამოსაჯდომ მერხებთან უხეშად შემოჭრილი. განა დრო არ არის, ქუთაისის საკრებულომ საგანგებო დადგენილება მიიღოს, რათა ბულვარი გადაარჩინოს ხელყოფისა და სხვა და სხვა დროს თანამდებობებზე  მოხვედრილ უღირს ადამიანთა მადისაგან?
მარტო ის რად ღირს, რომ უკვე აღარ არსებობს, მოჭრილია ის  ისტორიული ჭადარი, რომლის ჩრდილქვეშაც  კოტე მარჯანიშვილი, უშანგი ჩხეიძე, შალვა ღამბაშიძე, ახალგაზრდა  გიორგი შავგულიძე და სხვა კორიფეები სცენისაგან თავისუფალ დროს იდგნენ!
სიახლე და თანამედროვეობა უთუოდ  უნდა შემოვიდეს, მაგრამ არა – ღირებული სიძველის განადგურების ხარჯზე?
ვისურვებდი, ქალაქს როდესმე ჰყოლოდეს ისეთი ხელისუფალი, ვინც ქუთაისის  მცოდნე, პროფესიონალ ადამიანებს გვერდით ამოიყენებს, შექმნის  საზოგადოებრივ ჯგუფს და ყოველი ახალი ობიექტის აშენებამდე, ძველი შენობების დანგრევამდე, ქუჩებისათვის სახელების მიკუთვნებამდე, მემორიალური დაფების გაკვრამდე, მასობრივი ღონისძიებების ტრადიციად გადაქცევამდე მათ აზრს მოისმენს!
განა შეიძლება, ქალაქს ჰყავდეს ისეთი ადამიანები, როგორიცაა, მაგალითად,  სამუზეუმო საქმის  დიდი მცოდნე და გამოცდილი გიდი გურამ გეგეჭკორი, მრავალი წიგნის ავტორი და საარქივო დოკუმენტაციის შეუდარებელი მკვლევარი, ისტორიკოსი  მერაბ კეზევაძე, ძველისძველი ფოტომასალისა და გამოცემების კოლექციონერი და ქუთაისის კოლორიტის ფაქიზი შემფასებელი, მწერალი სოსო იარღანაშვილი, სხვა მსგავსი პროფესიონალები და არ ჰკითხო მათ რჩევა  მშობლიური ქალაქის  სასარგებლოდ?
თქვენ ამბობთ, რომ თქვენი წიგნი არის ფიქრები ქუთაისზე… ნამდვილი ქუთაისი, – როგორი იყო და ვინ ქმნიდა ასეთ ქალაქს? რისი ნოსტალგია გაქვთ?
– ნამდვილი ქუთაისი „ხაშლამა კაცებისა“ და მედროვე კაცუნების მიღმაა, მისტიკის წიაღშია დანთქმული. ის არც ჭიჭიკია – ბიჭიკიას  უგემოვნო ანეკდოტებისაა, არც „შავი გაგების ბიჭებისა“  და არც ხელოვნურად შექმნილი „ქალაქის კოლორიტების“.
როცა ვამბობ, რომ ქუთაისს ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს  განსაკუთრებული სოციუმი, ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, როგორიც იყვნენ: პიპინია მიქელაძე,  კოლია ქვარიანი, ჟორჟიკა იაშვილი, ოთარ (მეობა) სულაბერიძე, პეტრე ჭაბუკიანი, ვალიკო მიზანდარი,  ვახტანგ გიორგაძე, გუჩა იოსელიანი, ბაყუჩია (ვახტანგ) მეგრელიშვილი, ამურ ფხაკაძე, ალეკო კვიმსაძე (ფიშტერა), ილო ფოტოგრაფი, მარკოზიჩი  (ჟორა გრძელიშვილი),  ოთარ ქანდარია, ბერნანდ (ფრანცია) ნებიერიძე, ლილი ნუცუბიძე, რუთა ბეროძე, ნესტან კვეიძე, პეტრე ვაჭრიძე, რეზო ჯავახაძე და სხვა მრავალი, ყველას რას ჩამოვთვლი!
აი, ყოველთვის იმ ქუთაისის ნოსტალგია მაქვს, როცა ეგზომ ფასეული იყო მშობლიური ქალაქის სიყვარული და ერთგულება, კეთილმეზობლობა, თანადგომა, სხვისი აზრის დაფასება,  შესანარჩუნებელი ტრადიციის შენარჩუნება, ცუდის – დავიწყება და გაუქმება…
– თქვენს წიგნში არაერთ კარგ მწერალთანაა ინტერვიუ, ანდა მასზე მოგონებაა გამოქვეყნებული… რომელ საუბარს გამოყოფდით?15826508_1478493182179599_3014389450408727783_n
– საერთოდ, თხუთმეტამდე ინტერვიუ მაქვს რეზო ჭიშვილთან – სრულიად სხვადასხვა თემაზე. ზოგჯერ თავადაც მიკავშირდებოდა, სათქმელი რომ დაუგროვდებოდა საქვეყნო საკითხებზე. მასთან სტუმრობა, „ინტერვიუ სგარეთ საუბრები“ კიდევ უფრო საინტერესო იყო.
მე განსაკუთრებით მოვიგონებდი 2008 წლის მწიფობისთვის  20-ს, როცა ბატონმა რეზომ თავისი რომანიდან „ასკილის წითელი ყვავილი“ შერჩეული 340-349 გვერდები ხმამაღლა წამიკითხა და ავტორისეული კითხვის განუმეორებელ ფენომენს მაზიარა. მაშინ მითხრა, რომ დუგლას(ია)  ხეიძის პროტოტიპი სოლიკო ხაბეიშვილია, მისი დღიურები წაუკითხავს  და იქიდან ბევრი ფსიქოლოგიური ნიუანსი წამოუღია. ჩემს შეკითხვაზე – წერის დროს საკუთარ გამონათქვამებზე, გროტესკულ და იუმორისტულ პასაჟებზე თავად თუ გეცინებათ-მეთქი, მან უბრალოდ მიპასუხა: უფრო ხშირად ვტირიო…
ასევე ახლო ურთიეთობა მქონდა ოტია იოსელიანთან. როგორ ვნანობ, რომ რედაქციაში მისი ხშირი სტუმრობისას დიქტოფონს არ ვრთავდი ხოლმე.  არაჩვეულებრივი მთხრობელი იყო, დინჯი, კეთილგანწყობილი, გაწონასწორებული. ისეთი მკაცრი, გამქირდავი და „დიალექტზე მოსაუბრე“ კი არა,  საზოგადოებას რომ ჰგონია.  მისი მოსმენის შემდეგ მრჩებოდა უზარმაზარი შთაბეჭდილებები, მწერლის ჭიქაში ბოლომდე შეუსმელად დატოვებული უშაქრო ყავა და ნიკოტინით ერთიანად გაჟღენთილი სამუშაო ოთახი.
მე არ ვეწევი, ამიტომ საფერფლე არც მქონდა და წყალტუბოს რედაქტორის მიერ ნაჩუქარ, რომელიღაც კარსტთან ნაპოვნ ჯამისებრ ქვას მივართმევდი ხოლმე. ახლაც შენახული მაქვს ეს რელიკვია, ზედ  ბატონი ოტიას  სიგარეტების ნამწვავებია დასრესილი.
– ქუთაისი „ცისფერყანწელების“ ქალაქია… რამდენად ახსოვს ეს თავად ქალაქს?
– მკრთალად! – ვთქვათ სიმართლე. ამ ბოლო დროს ფონდის „ცისფერყანწელთა  ხსოვნისათვის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო ჩხიკვიშვილმა თბილისიდან  გამოაცოცხლა ჩვენი  ქალაქი, „შეაწუხა“ ქუთაისის მერია და, შესაბამისად, ამათი ფინანსური მხარდაჭერით  ჩატარდა კიდეც „ცისფერყანწელთა“ კარგი საღამო – სპექტაკლები, მემორიალური დაფები გაუკეთდა პაოლოსა და კოლაუს   მამისეულ სახლებს, გამოიცა უნიკალური ფოტოალბომი. მაგრამ ეს, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ცოტაა.
იქნებ ისევ  ქალბატონმა ნინომ იაქტიუროს და ოფიციალურად დააყენოს ერთი საკითხიც, რომელზეც მე  90-ანი წლებიდან უშედეგოდ ვწერ და ჩემს წიგნშიც არის შეტანილი არაერთი საინტერესო დოკუმენტური მასალა… მოკლედ, იქნებ დაადგეს საშველი  საფლავდაკარგული „ცისფერყანწელის“, „ქართული პროზის ბატონიშვილის“, უნიჭიერესი მწერლისა და გამომცემლის, სანდრო ცირეკიძის სახელის დარქმევას ქუთაისის რომელიმე ქუჩისათვის.
– სურვილი, რომელიც არ აგისრულდათ… 15823011_1478563872172530_2530280556998450170_n
– ვერ დაიბეჭდა ჩემი იდეით და ჩემ მიერ შედგენილ – დაწერილი, ჩემივე რედაქტორობით შეკრული, ა-5 ფორმატის, 700-გვერდიანი, სამენოვანი, უხვად ილუსტრირებული  ენციკლოპედია „იმერეთი“. გამომცემლობა „პოსტსკრიპტუმის“ დაკვეთით, ორი წელი ვიმუშავე ათასობით  ინფორმაციაზე, კიდევ ორი წელი – გურამ წიბახაშვილთან და ირინე აბჟანდაძესთან ერთად, ფოტოგადაღებებისათვის, ფეხდაფეხ შემოვიარე იმერეთის ყველა რაიონი და  თითქმის ყველა სოფელი. იყო უმძიმესი, ურთულესი და ძალიან საინტერესო სამუშაო, მაგრამ მთელი ჩვენი ნაშრომი წყალში ჩაიყარა. დაუფინანსებლობის გამო ეს პროექტი აღარ (ან ვეღარ) განხორციელდა.
 – სამომავლოდ რას აპირებთ?
– არა მაქვს დიდად ამბიციური გეგმები, ალბათ, საჯარო ბიბლიოთეკის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ძველი გაზეთების კვლევას განვაგრძობ, თან, პარალელურად, ახალი  ჟურნალისათვის „კულტურა პლუს“ დავწერ სტატიებს – მაინც ვერ ვეშვები ჟურნალისტიკას. კიდევ ერთ  თემას საიდუმლოდ დავტოვებ – ისე, ინტრიგისათვის…

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები