ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მასშტაბურ ეთნო ფესტივალს უმასპინძლა

საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 1-2 ნოემბერს ქალაქ ბოლნისში ეთნო ფესტივალი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, მოეწყო წყალზე ხატვის, ქართული იარაღის მუზეუმისა და კალიგრაფიის მასტერკლასი, გამოიფინა ქართული ტრადიციული სამოსი, ქართული რეწვის ოსტატებისა და ხელოვანების ნამუშევრები, ასევე, მოეწყო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქართული ტრადიციული კულტურა და თანამედროვეობა“ და გაიმართა მწერალთა სახლის პროექტი „ცოცხალი წიგნები“.

„ფესტივალში მონაწილე ანსამბლები ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას დაესწრნენ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ჩოხოსნები და ანსამბლები დალოცა.

ფესტივალი გალაკონცერტით დასრულდა, რომელშიც ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართა საპატიო ჩოხოსნების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების დასასრულს საზეიმოდ აინთო ფესტივალის ჩირაღდანი, რომელიც საქართველოს ერთობის, უწყვეტი ტრადიციებისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა.

აღსანიშნავია, რომ ეთნო ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის შემდეგ ფესტივალის მასპინძელი ბოლნისი გახდა. პროექტის მიზანია ქართველი და სხვა ერების კულტურული ტრადიციების წარმოჩენა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები