მაკა ბოჭორიშვილი: ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან ხშირად ისმის ტენდენციური და არაობიექტური შეფასებები, რაც შესაძლოა ასახული იყოს ანგარიშშიც.

„ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ ნაკლებად კეთდება ობიექტური შეფასებები. ძირითადად, შეფასებები ტენდენციურია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ წლის განმავლობაში გაკეთებული კომენტარები და გადადგმული ნაბიჯები.

„ამის ვარაუდი ჩვენ უკვე შეგვიძლია, მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. თუმცა, დაველოდოთ თავად ანგარიშს და შემდგომ უკვე შევხედავთ, თუ რამდენად ობიექტურად იქნება მასში ასახული საქართველოს პროგრესი, ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა, ის განვითარება, რასაც ერთი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოში; რაც ასახულია სხვადასხვა რეიტინგებში, სხვადასხვა ციფრებში, ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში. თუმცა, ვნახოთ, ეს როგორ იქნება ასახული ევროკავშირის ანგარიშში“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები