ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, 145-ეს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. 5 წლიდან ხატავს. მონაწილეობს მრავალ საკონკურსო ფესტივალსა და სხვადასხვა პროექტში.
ფესტივალ „ახალი შანსის“ გამარჯვებული და გრანპრის მფლობელია. ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმში პერსონალური გამოფენით დაასაჩუქრეს, მუზეუმს კი გადასცა ნახატი „მეთევზე“.
მონაწილეობდა უამრავ გამოფენებში, მათ შორის: ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში; ნიკა ემხვარის საერთაშორისო გამოფენაში; ქართულ-იტალიურ საერთაშორისო გამოფენაში Venus Art Awards, სადაც გადაეცა საერთაშორისო დიპლომი. მოზარდთა საერთაშორისო ონლაინგამოფენაში კი „მიქელანჯელო ჯუნიორი 2015“ სერტიფიკატით დაჯილდოვდა; 145-ე საჯარო სკოლის მათემატიკური ნახატების კონკურსში მადლობის სიგელი დაიმსახურა…
შექმნა ორი ხელნაკეთი წიგნი – „მოგზაური ქალები“ და „ვარძია“.
დადის ქართული ხალხური ცეკვის სტუდიაში და საერთაშორისო დიპლომის მფლობელია.
ამ დღეებში კი მესამე საერთაშორისო გამოფენა-დაჯილდოების „მიქელანჯელო – წლის ხელოვანი 2025“-ის პრემიის ლაურეატი გახდა. – მარიამ პატაშურის პერსონა.
– პირველი ნახატები…
– პირველი ნახატები იყო ბუნება, ადამიანები და ცხოველები. ხშირად ბუნებას, ცხოველებს და ადამიანებს ვხატავდი.
– ვინ (ან რამ) შეგაყვარათ ხატვა?
– ფერების შეხამება ერთმანეთში ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, სხვადასხვა ფერით მომწონდა ხატვა. ასე შემიყვარდა ხატვა და სულ ვხატავ 5 წლიდან სხვადასხვა ნახატს.
– პირველი გამოფენა და წარმატება…
– პირველი წარმატებული პერსონალური გამოფენა იყო ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში. გავიმარჯვე პროექტში „ახალი შანსი“, ვარ გრანპრის მფლობელი და საჩუქრად გადმომეცა პერსონალური გამოფენა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში. გამოფენა წარმატებით გაიმართა 2024 წლის 12 დეკემბერს, მუზეუმს საჩუქრად გადავეცი ჩემი დახატული ნიკო ფიროსმანის მეთევზე, რომელიც ახლა მუზეუმშია. გამოფენაზე ყველა ჩემმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
– ფესტივალი „ახალი შანსი“ და გამოფენა ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში…
– როდესაც გავიმარჯვე ფესტივალში „ახალი შანსი“, ეს იყო ძალიან დიდი სიხარული ჩემთვის და ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ პერსონალურ გამოფენაზე ყველა ჩემი ნამუშევარი ყოფილიყო ძალიან ლამაზი. შევქმენი რამდენიმე ახალი ნამუშევარი, ასევე ნიკო ფიროსმანის „მეთევზე“, რომელიც საჩუქრად გადავეცი მუზეუმს. გამოფენა 2024 წლის 12 დეკემბერს წარმატებით გაიმართა, ყველა ჩემმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
– გაქვთ გვერდი Mariam’s Art. გამოირჩევა თქვენი ფერწერული ნიმუშები. ხატავთ პორტრეტებსაც… როგორია ფერების თქვენეული ხედვა?
– ვხატავ პორტრეტებსაც და ნებისმიერი სირთულის ნამუშევარს . ძირითადად მომწონს თბილ და ნათელ ფერებში ხატვა .
– შთაგონება თუ გჭირდებათ?
– ხატვის დროს არ მჭირდება რაიმე შთაგონება ან გამორჩეული გარემო. ნებისმიერ გარემოში შემიძლია ხატვა.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– საინტერესო იყო მათემატიკურ ნახატზე მუშაობა, რომელიც უნდა ყოფილიყო სულ მათემატიკური ფიგურებით შესრულებული. მათემატიკური ფიგურებით შევქმენი: ბუნების ნახატი, მთები, ხეები, მზე, ჩიტები, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მათემატიკური ნახატების კონკურსში და გაიმარჯვა. გადმომეცა მადლობის სიგელი.
– პირველი შემფასებლები?
– პირველი შემფასებელი ჩემი ნამუშევრის მე თავად ვარ, როდესაც რამე არ მომწონს, ვასწორებ დეტალებს იქამდე, სანამ არ მომეწონება. შემდეგ ვაჩვენებ დედას და მამას. მშობლებს ყოველთვის ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები.
– სკოლას დიდი დრო მიაქვს…
– ვსწავლობ წარჩინებით, თან ვხატავ და ვცეკვავ კიდეც. დროს ასე ვანაწილებ: ჯერ ვმეცადინეობ რამდენიმე საგანს, შემდეგ კი შესვენების დროს ვხატავ. როდესაც რაიმე პროექტი მაქვს გასაკეთებელი, გვიან ღამემდე ვხატავ, ხანდახან ძალიან ვიღლები, თუმცა ვცდილობ, ჩემზე დაკისრებული მოვალეობა მაქსიმალურად კარგად შევასრულო.
– წარმატებით მონაწილეობთ მრავალ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში (გამოფენებში). მრავალი ჯილდო მიიღეთ. განწყობა გამოფენიდან გამოფენამდე… და მაინც, რომელ ჯილდოს გამოარჩევდით?
– ვმონაწილეობ ბევრ საერთაშორისო ფესტივალსა და კონკურსში. ძალიან მომწონს და მახარებს ყველა გამოფენა და ფესტივალი, ამიტომ განწყობა ყოველთვის ძალიან დადებითი და სასიხარულო მაქვს. გამოვარჩევდი მიქელანჯელოს პრემიას, ეს პრემია მიიღეს ასაკით უფროსმა მხატვრებმა. მე ვიყავი ყველაზე პატარა მონაწილე, ვისაც ეს ჯილდო გადაეცა და ძალიან გამიხარდა.
25 ოქტომბერს ქართული–იტალიური პროექტის „მიქელანჯელო – წლის ხელოვანი 2025“-ის მესამე საერთაშორისო გამოფენა-დაჯილდოებაზე გავხდი ლაურეატი, გადმომეცა „მიქელანჯელოს“ თასი, რომელიც ჩამოვიდა იტალიიდან და ორი საერთაშორისო დიპლომი. საერთაშორისო გამოფენაზე წარვადგინე ნატურმორტი – ბუნების პეიზაჟი.
პროექტის მესამე საერთაშორისო გამოფენა-დაჯილდოება 25 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
– ჰობი…
– ჰობი არის ხატვა და ცეკვა. დავდივარ ქართული ცეკვის ანსამბლში, მაქვს ლაურეატის დიპლომი და საერთაშორისო დიპლომი. ვმონაწილეობ სხვადასხვა კონცერტსა და საერთაშორისო ფესტივალებში.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ვაპირებ გავხდე იურისტი, რადგან ძალიან მომწონს ეს პროფესია. ხატვას და ცეკვას გავაგრძელებ როგორც ჰობი.





თამარ შაიშმელაშვილი