უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება, ევროკავშირი თქვენ გვერდითაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით ევროკომისიის გზავნილი მკაფიოა – „უკრაინა მზადაა წინსვლისთვის“.
„ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი საუბარი მქონდა. უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება. ევროკავშირი თქვენ გვერდითაა. გაგიწევთ საგანგებო ენერგეტიკულ მხარდაჭერას, რათა უკრაინამ მომავალი თვეები გადალახოს.
ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ ვარიანტებზე, რათა უზრუნველვყოთ საჭირო მუდმივი ფინანსური დახმარება უკრაინისთვის.
ხვალ ჩვენ მივიღებთ ჩვენს გაფართოების პაკეტს, რომელიც დააფასებს უკრაინის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროპული გზისადმი გამორჩეულ ერთგულებას.
კომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა მზადაა წინსვლისთვის“, – წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე.