Reuters: ჩეხეთში ბაბიშის პარტიამ მემარჯვენე მოკავშირეებთან კოალიციური შეთანხმება გააფორმა
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულის, ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ მემარჯვენე მოკავშირეებთან კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ბაბიშის ხელისუფლებაში დაბრუნება მემარჯვენე მოკავშირეებთან ერთად გააძლიერებს პოპულისტურ, ანტიიმიგრაციულ და ეროვნული სუვერენიტეტის მომხრე ბანაკს ევროკავშირში, რამაც შეიძლება შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შეჭრისგან დაცვაში“, – წერს გამოცემა.
დანიშვნის შემთხვევაში, ANO-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კაბინეტი ჩაანაცვლებს მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას, რომელიც ორიენტირებული იყო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასა და უკრაინის მხარდაჭერაზე.
ბაბიშმა პირობა დადო, რომ შეწყვეტს უკრაინისთვის ჩეხეთის ბიუჯეტიდან ნებისმიერ დახმარებას. მან ასევე, ერთი თვის წინ, არჩევნებამდე დადო პირობა, რომ დაასრულებდა ჩეხეთის მიერ მართულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ პროგრამას კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.