‪”რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში საქართველოს ეუთოს გაძლიერებული ჩართულობა ესაჭიროება”

„ჩვენ გვჭირდება ეუთოს უფრო ფართო და გაძლიერებული ჩართულობა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში,ისე  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის მთლიან პროცესში” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთოს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ეუთოს წევრი ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმეა.
“რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევით, კვლავ აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტიურ ანექსიას  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით, რითაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთის უკანონო ქმედებები, შეიარაღებული ძალების ერთობლივი დაჯგუფებების შექმნა და ოკუპირებულ რეგიონებში უწყვეტად მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი და სამხედრო წვრთნები კიდევ უფრო ამწვავებს იქ არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას”, – განაცხადა ჯანელიძემ.
‪მიხეილ ჯანელიძის თქმით, რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას.
„ამ კონტექსტში, საქართველო მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შექმნას  და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას უზრუნველყოს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების განხორციელება, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გაყვანა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მიუხედავად, კონფლიქტის მწვავე საკითხებზე თითქმის არანაირი პროგრესი არაა მიღწეული. უფრო მეტიც, ეუთოს რეგიონში ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის ზრდა ეუთოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის, რომლის დაძლევაც მხოლოდ ერთი მონაწილე სახელმწიფოსთვის ძალზე რთულია, ამიტომ ორგანიზაციის ადეკვატურ ჩართულობასა და ამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხის ეუთოს დღის წესრიგში შეტანას მოითხოვს”, – აღნიშნა მინისტრმა.
‪მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ  აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ნდობის აღდგენა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება.
„მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესს.
‪თავის გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მიერ დემოკრატიის განმტკიცების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. რეგიონების ოკუპაციისა და უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების პირობებში, საქართველო კვლავ აგრძელებს მასშტაბური რეფორმების გატარებას და განუხრელად მიუყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
‪საქართველოს დემოკრატიული გზა შეუქცევადია და ეს შეუქცევადობა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოქტომბერში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც ერთხმად შეფასდა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.‪
‪ეუთოს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრა ქ. ჰამბურგში 2016 წლის 8-9 დეკემბერს იმართება. შეხვედრაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია,  საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.
‪ღონისძიების ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას იღებს სუამ-ის მინისტერიალში, დაგეგმილია შეხვედრები ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და კოლეგა მინისტრებთან.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები