გიგლა აგულაშვილი: დონორთა საკოორდინაციო შეხვედრები ხელს უწყობს ჩვენი ურთიერთობების ეფექტიანად წარმართვას

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორო ორგანიზაციებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა.
სამინისტროს 2015-2016 წლების ანგარიში და სამომავლო გეგმები შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ გააცნო.
შეხვერდაზე გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. გიგლა აგულაშვილმა ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გარემოსდაცვით პროექტებში.
„პირველ რიგში მადლიერებით აღვნიშნო ჩვენი ქვეყნის გარემოსდაცვით საქმიანობაში შეტანილი თქვენი უდიდესი წვლილი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო ფართოვდება და იხვეწება, გვემატება გამოცდილება, რაც კიდევ უფრო მეტის და უკეთესად კეთების ამბიციას გვიჩენს. უფრო მეტიც, თქვენმა აქტიურმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოში გარემოს დაცვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბებაზე. დონორთა საკოორდინაციო შეხვედრები, რაც უკვე ტრადიციად იქცა, ხელს უწყობს ჩვენი ურთიერთობების ბევრად უფრო ეფექტიანად წარმართვას. მიუხედავად გარკვეული მიღწევებისა, წინ დიდი სამუშაო გველის. გარემოს დაცვის კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა უფრო მეტად კოორდინირებული თანამშრომლობა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ჩვენი სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების ურთიერთობას, არამედ კოორდინაციის გაძლიერებას ქვეყნის შიგნით არსებულ სხვადასხვა ინსტიტუტებს შორისაც. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ჩამოყალიბებული დონორთა კოორდინაციის სისტემა. მხოლოდ ასეთი ერთიანი მიდგომა შეუწყობს ხელს პრობლემური საკითხების გადაჭრას, ქმედებების დუბლირების თავიდან აცილებას და ეფექტიანი შედეგების მიღწევას. მე მგონი არ არის საჭირო იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანი და შედეგიანია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება. დღეს ვისაუბრებთ სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ მიმართულებებზე – გარემოსდაცვით მმართველობაზე, ტყისა და წიაღის რეფორმაზე, წყლის რესურსებზე, ჰაერზე, კლიმატზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ბევრ სხვა მიმართულებაზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე დღეს შევეხებით ყველა იმ პროექტს, რომელთა უმეტესობაც ერთობლივად დავგეგმეთ და თქვენთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. ეს იქნება ერთგვარი ანგარიში თქვენდამი, რათა დაგანახოთ, თუ რა შედეგებზე გავდივართ. თქვენი მხრიდან კი ველოდებით კომენტარებს, მოსაზრებებს, შეფასებას, რაც ხელს შეგვიწყობს, ერთი მხრივ, სამომავლო ქმედებების დაგეგმვაში, ხოლო მეორე მხრივ – ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვაში. მოკლედ შევეხები განახლებადი ენერგორესურსების თემას, რაც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის განვითარებისა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. საქართველო საკმაოდ მდიდარია განახლებადი ენერგორესურსით, განსაკუთრებით – ჰიდრო და მზის რესურსებით. მიმდინარეობს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის ათვისება. თუმცა ვფიქრობთ, რომ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე ხელსაყრელი იქნება მზის ენერგიის უფრო მასშტაბური გამოყენება. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ამ მიმართულებით მუშაობას, როგორც მდგრადი განვითარების და „მწვანე“ ეკონომიკის მიზნების განხორციელების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას, სადაც თქვენი გამოცდილების გაზიარება, რჩევა და თანადგომა გვჭირდება” – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა დონორი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლებთან შეხვედრისას.
შეხვედრას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მაღალი რანგის პირებთან ერთად, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები