ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თანამედროვე სპორტული სერვისების ხელმისაწვდომობა. დღეს ახალციხეში დავათვალიერეთ ახალი სპორტული კომპლექსი, რომელმაც სრულად უპასუხა თანამედროვე სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსის მიმდებარედ მიმდინარეობს საკალათბურთო მოედნის სამშენებლო სამუშაოები და ასევე, იგეგმება ფეხბურთის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა. ეს პროექტები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის. ანალოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში,“- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ახალციხეში სპორტული კომპლექსის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში, დასრულდა თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

ახალი ინფრასტრუქტურა რეგიონში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სპორტული აქტივობების ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ჩართულობას სპორტში. კომპლექსი ასევე მნიშვნელოვანი სივრცე გახდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალიზაციისა და საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებისთვის.

ამჟამად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის ქალაქ ახალციხის მერიისთვის გადაცემის პროცედურები. პროცესის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება კომპლექსის მართვისთვის საჭირო პროფესიული გუნდი და ახალი სპორტული სივრცე სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას.

სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ (33×25 მეტრი) და მცირე (16×7 მეტრი) საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთისთვის. მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ.

ახალციხის სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც მიიზიდავს ყველა ასაკისა და ინტერესის მომხმარებელს. მრავალფუნქციური შენობა, საცურაო აუზების გარდა, მოიცავს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს, რაც უზრუნველყოფს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტის მრავალფეროვან შესაძლებლობებს. თითოეულ სივრცეს აქვს გასახდელები და საშხაპეები.

სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, კომპლექსში ფუნქციონირებას შეძლებს ღია კაფე და სპორტული ინვენტარის მაღაზია, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოწყობილია ავტოსადგომი.

სპორტკომპლექსი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ წვდომას და ინკლუზიურ გარემოს.

სპორტული კომპლექსი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. მშენებლობას, აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხით და სახელმწიფოს თანადაფინანსებით, 25 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

პროექტი განხორციელდა „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა 4 სპორტული კომპლექსის მშენებლობას. დღეისათვის, უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსები.

ახალციხის სპორტული კომპლექსი, როგორც რეგიონის ახალი საზოგადოებრივი ცენტრი, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სპორტის განვითარებას და ამასთან, ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა შეხვედრებს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები