სუსის წარმომადგენლებმა რეგიონული უსაფრთხოების მეორე საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის რეგიონული უსაფრთხოების მეორე საერთაშორისო ფორუმში: „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“ მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა და დონორი ქვეყნების მისიების წარმომადგენლებმა გახსნეს. ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მანანა ბაღაშვილი.
წლევანდელი ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს და განიხილოს რეგიონში ეროვნული სახელმწიფოების კონტროლს მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და მათი უარყოფითი ზეგავლენა საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე.
ფორუმი ასევე მიზნად ისახავს, განსაზღვროს პოტენციური საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება.
„საკითხი ძალიან აქტუალურია და მოითხოვს ძლიერ რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას. საქართველოსთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ქბრბ რისკების შემცირების კუთხით საქართველოს როლი, როგორც ლიდერის და მოდელის მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და საქართველოს ლიდერობა გამოჩნდა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა”- განცხადა გაეროს დანაშაულის და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა ფრანჩესკო მიორინიმ.
აღნიშნული ფორუმის მხარდამჭერები არიან: შვედეთის მთავრობა – რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ბრიტანეთის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო.
ფორუმში მონაწილეობენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყნები ჩართული არიან „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ ყოველწლიური მიმოხილვის პროცესში, ასევე აქტიურად მონაწილეობენ ბირთვული უსაფრთხოების სამიტში.
ფორუმის წარმატებით განხორციელება ხელს უწყობს ეროვნულ და საერთაშორისო აქტორებს გააღრმავონ დიალოგი და თანამშრომლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები