“ნამდვილად სამწუხაროა ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მხრიდან დაკვირვება არ მოხდება, თუმცა, დაკვირვების შეთავაზება იყო”- ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.
“იმისათვის , რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო არსებობდეს, რა თქმა უნდა, დაკვირვება უნდა იყოს. ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას , რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაციისთვის შესაბამის ვადებში კანონით დადგენილ დოკუმენტაციას შემოიტანს.
ნამდვილად სამწუხაროა ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მხრიდან დაკვირვება არ მოხდება, თუმცა, დაკვირვების შეთავაზება იყო.
იმისთვის, რომ რეგისტრაციაში გავატაროთ ვადები ასეთი გახლავთ: ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 24 სექტემბერი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 27 სექტემბერი, მედიის აკრედიტაციისთვის 29 სექტემბერი. ამ დროისთვის 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტირებული. თუმცა, ვადები ჯერ არსებობს. დღესაც, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება. საკითხის განხილვა, კონკრეტული ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის მინიჭება სხდომაზე ხდება. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ახლაც მნიშვნელოვანია პროცესში როგორც ადგილობრივი , ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა”- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს.
“არჩევნებზე გამჭვირვალე და სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და ODIHR-ს არ ექნება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განთავსების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან“, – განაცხადა ოდირ-ის დირექტორმა, მარია თელალიანმა.