„ანდროიდზე“ მომუშავე სმარტფონები ვირუსმა დააზიანა
„ანდროიდის“ პროგრამაზე მომუშავე თითქმის 10 მილიონი სმარტფონი ვირუსმა დააზიანა. ვირუსი სარეკლამო საიტების შესვლის მაჩვენებელს ხელოვნურად ზრდის და მომხმარებლებს სარეკლამო საიტებზე გადაამისამართებს. მავნე პროგრამა ასევე სმარტფონში პროგრამულ დანამატებს ფარულად აინსტალირებს და მას მომხმარებლების მიერ საიტებზე მიმდინარე აქტიურობის გაკონტროლება შეუძლია. ახალი ვირუსის მეშვეობით მის შემქმნელებს წელიწადში 300 ათასი დოლარის შემოსავალი აქვთ. ამის შესახებ წერს ორი ანტივირუსული ლაბორატორია – Checkpoint-ი და Lookout-ი. დასკვნის მიხედვით, ვირუსის აღმოჩენა და წაშლა ძალზე რთულია და ის აქტიური მაშინაც რჩება, როდესაც მომხმარებელი ტელეფონის პროგრამის ქარხნულ აწყობებზე გადატვირთვას ახორციელებს. „დაინფიცირებული“ ტელეფონების უდიდესი ნაწილი ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე გაიყიდა.