რამდენიმე თვეში დედაქალაქს 150 ადაპტირებული ავტობუსი შეემატება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეებს – ვასილ აბულაძეს და მერაბ მამულაშვილს შეხვდა.
გულიკო ზუმბაძე თბილისში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის ვითარებას გაეცნო და დედაქალაქის შემოერთებულ სოფლებში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ლილოს, ორხევის, ნასაგურის, აეროპორტისა და შემოერთებული სოფლების მოსახლეობას დიდი ხანია სატრანსპორტო მიმოსვლასთან, შედგენილ მარშრუტებსა და მოძრაობის განრიგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე გამოყოფილი ავტობუსების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს მგზავრთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რის გამოც ირღვევა მოქალაქეების უფლებები და პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი.
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობაზე დეტალურად ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რამდენიმე თვეში დედაქალაქს 150 ადაპტირებული ავტობუსი შეემატება, რის შემდეგაც მათი გადანაწილება შესაბამის მარშრუტებზე საჭიროებისამებრ მოხდება.
მერიის წარმომადგენლების თქმით, ახალი სამარშრუტო სქემის შედგენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, ახალი ავტობუსების დამატება ბევრად გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილების პრობლემას, თუმცა, როგორც დეპუტატი მიიჩნევს, აღნიშნული პროცესი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
,,აუცილებლად დავაყენებ საკითხს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში რამდენიმე ავტობუსის დამატების მიზნით შესაბამისი თანხები ჩაიდოს“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი წევრი მიკროავტობუსების თემასაც შეეხო და მერიის წარმომადგენლებს შპს ,,თბილისის მიკროავტობუსთან“ დიდი ლილოს, ორხევის, ნასაგურისა და წინუბნის მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წევრების თქმით, შესაბამისი ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრები უკვე დაწყებულია და მათი მოსაზრებების განხილვა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
სხდომას გულიკო ზუმბაძის სამაჟორიტარო ბიუროს წარმომადგენელი და ორხევის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები