სახელმწიფოს მართვაში ნათელმხილველებს თუ იყენებთო – ალეკო ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას აფასებს

“ნიუსპრესის” დამფუძნებელი და ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ჟურნალისტების დღევანდელ შეხვედრას აფასებს:
”დიდი ხანია რესპონდენტისთვის შეკითხვა არ დამისვამს… გავიხსენე, საჯარო შეხვედრაზე შეკითხვა ბოლოს შევარდნაძეს დავუსვი 2002 წელს. დღეს, ამდენი წლის შემდეგ, ზუსტად ისეთი ღელვა დამეუფლა, როგორც 19 წლის დამწყებ ჟურნალისტს, როდესაც მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის საჯარო შეხვედრაზე ჩემს კარიერაში პირველი კითხვა დავუსვი…
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააჩნია, რომელთაგან ზოგიერთი მართებულია, ზოგიერთი საკამათო, ზოგიერთი კი ძალიან საკამათო, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ დღეს ექსპრემიერს ყველა ეკითხებოდა იმას, რაც აინტერესებდა და არავითარი შეზღუდვა ან დისკრიმინაცია მედიასაშუალებებს შორის…
მახსოვს, ერთხელ შევარდნაძეს ორშაბათის ერთ-ერთ ტრადიციულ ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს, სახელმწიფოს მართვაში ნათელმხილველებს თუ იყენებთო…
მიუხედავად ერთი შეხედვით კომიკური შინაარსისა, დემოკრატიულ ქვეყანაში, არსებობის უფლება ამ კითხვასაც ჩვეულებრივად აქვს.
მახსოვს აგრეთვე სააკაშვილთან ან მერაბიშვილთან ინტერვიუზე მყოფი ზოგიერთი ჟურნალისტი, წინასწარ დალაგებულ-დავარცხნილი კითხვებით და სახეზე ყალბი ორგაზმით (არ ექნებოდათ და მაგათი აჯობებდა)… ისიც მახსოვს, პირველივე თავისუფალ შეკითხვას, თავისი საპრეზიდენტო კარიერის მიწურულს, ავლაბრის რეზიდენციის საკონფერენციო დარბაზიდან მიშა როგორ საჯაროდ გაექცა…
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იდეალური მდგომარეობა არაა და, სავარაუდოდ, ამ დონემდე მისვლამდე კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის, მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველო მართლა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში…
p.s. საერთოდ, მე მგონი, ცუდი ფორმატი არ იქნებოდა, რომ ქვეყნის მთავრობის მეთაურმა, თუნდაც თვეში ერთხელ, გამოყოს 2 საათი მსგავსი ფორმატის შეხვედრებისთვის სტაბილურად… მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან კონტაქტს არ გაურბის, ეს ფორმატი კიდევ უფრო ეფექტური იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებამ კონკრეტულ საკითხებზე მთავრობის მიდგომა და ხედვა უკეთ გაიცნოს…”, – წერს ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები