კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს: არ ვიცი, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ტკივილის მწვავე განცდა განელდეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს. კახა კალაძე კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს. ვიცე-პრემიერი მადლობას უხდის ყველა მოხალისეს, მაშველს და მათი თავდადების შესახებ წერს.
“არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ის უსუსურობის და ტკივილის მწვავე განცდა ოდნავ განელდეს. ბევრი ბრძოლა, ომი გადაგვიტანია, ზოგი მოგვიგია, ზოგი წაგვიგია… მაგრამ სტიქიასთან ომში ყოველთვის დამარცხებული ხარ, უმწეო და დაჩაგრული. რაღაც უცნაური შეგრძნებაა, როცა ტალახში გადაზელილ მანქანებს, ხეებს ეჭიდები, წვიმაში, ირგვლივ ყველაფერი ყვირილში და სიბნელეშია დაფარული: ვიღაცას ხელი გაუწოდე, ვიღაცას რაღაც გადაატანინე, ძაღლი გადაარჩინეს – გაგიხარდა… და გგონია, დასრულდა, ყველგან ყველაფერი უბრალოდ სველია, უბრალოდ ტალახიანი, უბრალოდ დაზიანებული ან დანგრეული და ეს ყველაფერი, როცა გათენდება, გამოსწორებადია, გონება იმ ღამეს ვერ სწვდება ტრაგედიის მასშტაბს – სახლებიდან გოგონები გაიტაცა, ბიჭები- მანქანიანად, კაცი სახურავზე იდგა… ვერ უშველეს, ვიღაცას მოხუცებულის გამოყვანა ვერ მოუსწრია, მაშველმა თავი გაწირა… ეს ყველაფერი დილიდან, სტიქიის მეორე ტალღასავით დაგვატყდა თავს. ვეფხვმა ადამიანი მოკლა.. და ამ დროს განცდა გეუფლება, რომ არაფერი ეშველება ამ უბედურებას,… უცებ დავპატარავდით ყველანი და ამ უსუსურობის დროს ერთადერთი ნათელი სხივი – მოხალისეები გამოჩდნენ!
მათ გამოიყვანეს თბილისი, მთელი საქართველო შოკიდან და დღემდე გაოცებული ვარ ამ ახალგაზრდების, ამ ბავშვების შემართებით და ერთობით! ყველა ასაკის თბილისელის თანადგომით… ყველა დაღუპულის ხსოვნა სამუდამოა ჩვენს მეხსიერებაში, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. ყველა მოხალისეს, მაშველს და სტიქიასთან მებრძოლ გმირებს დიდი მადლობა! ჩვენ ტკივილმა გაგვაერთიანა და გაგვხადა საკუთარ თავზე უკეთესები, ვისურვებდი ეს ერთობა მხოლოდ ლხინში, ბედნიერ ყოველდღიურობაში გამოგვეხატოს!“,- წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გასული წლის 13 ივნისის მომხდარ სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები