იენს სტოლტენბერგი: საქართველო უახლოვდება ნატოს

საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და საქართველო უახლოვდება ნატოს“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები ნატოს კოლეგებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან. მან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მიმოიხილა და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, ასევე საწვრთნელი ცენტრის მუშაობაზე ისაუბრა.
„მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს ამ მისიებში კონტრიბუციისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.
„ეს ნატოს ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. ნატო საქართველოსთვის დახმარების გაგრძელების ერთგულია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობა არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შეხვედრაზე მან ნატოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ საზღვრებზე არსებული ვითარების შესახებ.
„ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დემოკრატიული პროცესების გაგრძელების ერთგული ვართ. საპარლამენტო არჩევნები გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები