დავით ფაცაცია – გული მწყდება გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე
„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიის წევრი დავით ფაცაცია „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძეს განცხადებას ეხმაურება, სადაც ის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ბიძინა ივანიშვილზე საკმაოდ ნეგატიურად საუბრობდა.
ფაცაციასთვის, სანიკიძის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება მიუღებელი იყო.
„გული მწყდება გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე, არ შეიძლება მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება იმ ადამიანის მიმართ, ვისაც უდიდესი წვლილი მოუძღვის საქართველოს წინაშე, და მათ შორის გუნდის პარლამენტში შესვლაში. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მსგავსი განცხადებები და იმედი მაქვს, რომ გარკვეულ კომუნიკაციურ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ან ჟურნალისტის არასწორ ინტერპრეტაციას. მწყინს ადამიანურად, პოლიტიკურად და იმ ამომრჩევლების მიმართაც, რომლებიც ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ.
მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს მისი გუნდის მხარდამჭერი და უნდა იდგეს მათთან ერთად ბოლომდე, რადგან ხელისუფლების მდგრადობა და სიმტკიცე აუცილებელია. თუმცა კარდინალური ცვლილებებიც აუცილებელია და სწორედ ამისთვის ვიქნებით ჩვენ მოწოდებული, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, სხვადასხვა ტიპის არაადეკვატური გავლენა იქონიონ, ვიყოთ პრინციპულები და განსაკუთრებით კი თამაზ მეჭიაური.
ჩვენი გუნდი შეეცდება, მოვიდეს მნიშვნელოვანი უმრავლესობით და პრინციპულად დავდგეთ ყველა იმ ადამიანის დაწინაურების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევენ. მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“, რომ, პირველ რიგში, იმ ადამიანების მხარდაჭერა მოხდეს, რომლებიც ღირსების, სამართლიანობის პრინციპით მოქმედებენ“,- განაცხადა ფაცაციამ.