გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 70-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ,“ რითიც კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით გაზრდილია მომხრეთა რაოდენობა, კერძოდ, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 76 ქვეყანამ, 15 იყო წინააღმდეგი, ხოლო თავი შეიკავა 64-მა.

„პოზიტიური დინამიკა გვაქვს მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდაში და მოწინააღმდეგეთა რაოდენობის კლებაში. წელს პირველად 2008 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეს რეზოლუცია გაგვაქვს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მომხრეთა რაოდენობამ გადააჭარბა თავშეკავებული ქვეყნების რაოდენობას, რაც მნიშვნელოვანია. მომხრეთა რაოდენობამ წელს შეადგინა 76, შარშან იყო 75, მათ წინააღმდეგ წავიდა 15, შარშან 16, ხოლო თავი შეიკავა 64-მა ქვეყანამ. შარშან კი თავი 78 ქვეყანამ შეიკავა“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ ინიცირებული აღნიშნული რეზოლუცია მისი მიზნებიდან გამომდინარე წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. „ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოკრატიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. „ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც შეუძლებელს ხდის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. მნიშვნელოვანია ასევე ხაზი გაესვას, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთანავე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებების შესახებ და ამით თითოეულ დევნილს კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები