მანანა კობახიძე: ძალიან საინტერესო ანალიზი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის მიერ
ძალიან საინტერესო ანალიზი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, როგორც განვლილი, ისე დღეს არსებული ვითარების შესახებ, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრას.
კობახიძე აცხადებს, რომ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე ექსპრემიერმა სწორი პასუხები გასცა. კობახიძე რამდენიმე თემას გამოყოფს, მათ შორის “რუსთავი 2“-ის საკითხს.
“ბიძინა ივანიშვილისგან “რუსთავი 2“ -ის საკითხზე პასუხი ძალიან სწორად იქნა გაცემული. შეუძლებელია ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ, ყოფილმა პრემიერმა სასამართლოს საქმიანობაში რაიმე ტიპის ჩარევა განახორციელოს, რაიმე ფორმით შეცვალოს პროცესები.
“რუსთავი 2“ ცდილობს, შექმნას საპირისპირო განწყობა, პოლიტიკური დევნის ელფერი მისცეს ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილმა კარგად ახსნა, როგორი იყო სასამართლო, მანამდე როგორ ძალადობდნენ მოსამართლეებზე. დღეს არის სხვა რეალობა. ძალიან საინტერესო შეთავაზება გააკეთა მენეჯმენტის თემაზე, და განაცხადა, რომ თუ მოსარჩელე ამ პროცესს ბოლომდე მოიგებს,მ ენეჯმენტის უცვლელად დატოვების შემთხვევაში აანაზღაურებს ზიანს“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
ამასთან, მანანა კობახიძე საფუძვლიანს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის პროგნოზს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.
“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მომავალი გადასაწყვეტია ქართული საზოგადოების მიერ, ყველა იმ მიზეზის გათვალისწინებით, რაც ძალიან კარგად დაასაბუთა ბატონმა ბიძინამ და რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ნაცნობია. “ნაციონალური მოძრაობას “ნამდვილად უნდა ჰქონდეს ეს პრობლემა. ძალა, რომელიც იდგა დანაშაულებრივ სისტემაზე და რეპრესიებზე იყო ორიენტირებული, როგორ შეიძლება საზოგადოებამ თავისი ნებით დააბრუნოს უკან. მე ვფიქრობ, დღეს ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს რესურსი, ხედვა და გამოცდილება, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებლი საქმე და რეფორმები, ეს არის სახელისუფლებო გუნდი. ძალიან ბევრ სფეროში ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან მოგვიწია ყველაფრის დაწყება. უამრავი რამ გაკეთდა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების სფეროში. არასოდეს ყოფილა განათლების სფერო ისეთი პრიორიტეტული, როგორიც დღესაა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ინვესტიცია განახორციელა ამ სფეროში“,- აღნიშნა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.