იუსტიციისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მოაწერეს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მემორანდუმს, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემები ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს, მეორე მხრივ კი, ისეთ სისტემას ამკვიდრებს, რომელიც მოქალაქეებისათვის ქონების რეგისტრაციის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს. მემორანდუმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრირებული უძრავი ნივთებისა და ტყის ფონდის საზღვრების საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ბაზებს, ორთოფოტოებსა და 1997-2006 წლებში საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების მიერ ჩატარებული მიწების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ მონაცემებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადასცემს, რაც დაცული ტერიტორიების ზუსტი საზღვრების დადგენას უზრუნველყოფს და დაცული ტერიტორიების არაკანონიერი გასხვისების პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის. დღესდღეობით, დაზუსტებული საზღვრების არარსებობის გამო, მოქალაქეები დაცული ტერიტორიების მიმდებარე ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. დაცული ტერიტორიების საზღვრების საბოლოოდ დადგენის შემდეგ, ამ მონაცემთა გათვალისწინებით, მოხდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა. რაც შეეხება სარეგისტრაციო ქონებას, ერთიანი მონაცემები საჯარო რეესტრის სააგენტოს საშუალებას მისცემს, განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები ქონების რეგისტრაციის თაობაზე და დაარეგისტრიროს მათი უძრავი ქონება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სამინისტროს, დაადგინოს ტყის საზღვრები და აღმოფხვრას სატყეო ზონაში მოხვედრილი ნაკვეთების არაკანონიერი გასხვისების შემთხვევები, იუსტიციის სამინისტროს კი საშუალებას მისცემს, სწრაფად და შეუფერხებლად დაურეგისტრიროს საკუთრების უფლება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უძრავ ქონებას დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ფლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები