გაერო: ავღანეთში წელს 161 ბავშვი დაიღუპა

ავღანეთში წელს 449 ბავშვი დაიჭრა, 161 კი დაიღუპა. ინფორმაცია გაეროს მისიის მოხსენებაშია გამოქვეყნებული. მისიის ხელმძღვანელის დანიელ ბელის განცხადებით, ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად მსხვერპლი უფრო მეტად ქალებსა და ბავშვებს შორისაა. 2016 წლის პირველ მეოთხედში დაზარალებულთა შორის ბავშვების ძალიან დიდი რიცხვია.
„თუ საბრძოლო მოქმედებები სკოლების, საბავშვო მოედნების, სახლების და საავადმყოფოების გვერდით გაგრძელდება, თუ მხარეები ამ ადგილებთან ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას არ შეწყვეტენ, მსხვერპლთა რაოდენობა მხოლოდ ზრდას განაგრძობს“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშის შესაბამისად, 10 დაღუპულიდან 6-ზე პასუხისმგებლობა ისლამისტურ მოძრაობა „თალიბანს“ აკისრია.
2016 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ავღანეთში მოკლულია 600 მშვიდობიანი მოქალაქე, 1343 დაიჭრა. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ წინა წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა 13%-ით შემცირდა, თუმცა დაჭრილთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, საერთო ჯამში 2015 წელს ავღანეთში 11 000 ადამიანზე მეტი დაშავდა, 3545 – დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები