“წიგნი და მუსიკა”- მასშტაბური ფესტივალი იწყება
ფესტივალი “წიგნი და მუსიკა” თბილისში, 21-24 აპრილს გაიმართება. ფესტივალი გასულ წელთან შედარებით ბევრად მასშტაბური და ხალხმრავალი იქნება. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ მუსიკის, კულინარიის და წიგნების სინთეზია.
ფესტივალის ფარგლებში მთავარ სცენაზე კონცერტებს გამართავენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: წერილი, მწვანე ოთახი, შოთა ადამაშვილი, Back Warmer, Lady Heroine, რეზო კიკნაძე, Blue Sun, The Window, Expecto Patronum, Black Marrows და The Bearfox.
მკითხველთან შეხვედრას გამართავენ მწერლები, მთარგმნელები და რედაქტორები: დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, მერაბ ფიფია, თამარ კვიჟინაძე და ანა ჭაბაშვილი.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა ბავშვებისთვის და უფროსებისთვის. ფილარმონიის გარეთ განთავსდება კარვები, სადაც გაიყიდება ბუკინისტური წიგნები, ხელნაკეთი ნივთები, ვინილის ფირფიტები და ცხელი სასმელები.
ფესტივალი, როგორც 2016 წელს, აგრეთვე მომავალში, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს დაემთხვევა.
ფესტივალის კომპონენტებია: ლიტერატურა, საჯარო ლექციები და კითხვა, ავტორების და წიგნების წარდგენა, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რარიტების და ხელნაწერების გამოფენა, საბავშვო შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, მასტერკლასები, მუსიკალური პერფომანსები, კულინარიული შოუები და მასტერკლასები.