კულტურის სამინისტროში „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში გამოცემული სამტომეულის პრეზენტაცია გაიმართება

კულტურის სამინისტროში დღეს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში გამოცემული სამტომეულის პრეზენტაცია გაიმართება. კრებულში გაერთიანებულია „ცოცხალი წიგნების დღიურები“, რომელსაც ასევე პროექტში მონაწილე მწერლები პროექტის განმავლობაში აწარმოებდნენ, აგრეთვე ავტორთა პროზა და პოეზია. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება
„14 აპრილიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი „ცოცხალი წიგნები – 2016“ განახლდება. ქართველი მწერლები საქართველოს ყველა რეგიონს 14 აპრილიდან 14 ოქტომბრამდე, კვლავ მოივლიან“, – განაცხადეს სამინისტროში. მათივე თქმით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 იანვარს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტი, რომელშიც 75 მწერალია ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე დისკუსიებს. სამინისტროს განცხადებით, მთელი წლის მანძილზე „ცოცხალი წიგნების დღიურები“ იბეჭდებოდა „ლიტერატურულ გაზეთში“. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, – „ცოცხალ წიგნებთან“ შეხვედრები გაიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე სამხედრო ნაწილებში. 2016 წლის 1 თებერვლიდან კი, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა მასპინძლობს. მწერლები მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები