გიორგი კვირიკაშვილი: არჩევნების თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ

ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი. ასე რომ, ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, დამატებითი ტურები გაიმართოს.

„მე მგონი, არავისთვის არ უნდა იწვვევდეს კითხვის ნიშანს, რატომ 8 ოქტომბერი, ამაზეც ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი. ასე, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყანამ 7 და 8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს.

„რა თქმა უნდა, კონსულტაციების შედეგად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, თუ როდის გამოვაქვეყნებთ მას, როდის ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, არ შეიძლება ქვეყანამ 7 და 8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს. ასე რომ, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი საკითხები და აქ  დამატებითი მსჯელობისთვის არანაირი ველი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, წინასწარ გამოცხადებული, რომ არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს, ამ თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ. სერიოზული მსჯელობისა და აწონ-დაწონის შედეგად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და დანარჩენი საკითხების შესახებ განცხადებები უკვე ადმინისტრაციების მხრიდან გაკეთდება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იურიდიული და ტექნიკური ფორმის შესახებ, და მინდა, რომ ამ საკითხს ამ კომენტარით წერტილი დავუსვათ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები