თინათინ ხიდაშელი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ლაზარ კომანესკუს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რუმინელმა დიპლომატმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ პროგრესზე და ვარშავის სამიტისთვის მზადებაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტური უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, დეტალურად განვიხილეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები, ასევე, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ვისაუბრეთ ერთობლივი ძალებით მოქმედების შესაძლებლობებზე და საერთაშორისო ანუ ნატოს და ევროკავშირის ფორმატებზე, პროცესზე რომელიც ამ დროისთვის ვითარდება ორივე მიმართულებით. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსთან ისედაც აქტიური თანამშრომლობა გვაქვს, დღეს კი ხელი მოვაწერეთ ორმხრივ მემორანდუმს, რომელიც კონკრეტული ღონისძიებების დამატებაა და თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ რუმინეთში, რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები კი ჩამოვლენ ჩვენთან და საქართველოში მიმდინარე სწავლებებში ჩაერთვებიან, ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებობს.
შეხვედრებზე ვისაუბრეთ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტურ გზებზე უფრო მეტ თანამშრომლობაზე შავი ზღვის სეგმენტში. ბუნებრივია, მთავარ საკითხად რჩება ვარშავა და ამიტომ, ჩვენი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ერთობლივი სტრატეგია, რომლითაც საქართველო და მისი მეგობრები უნდა წარდგნენ ვარშავის სამიტზე, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაცული და კიდევ უფრო მაღალი უსაფრთხოებით შეხვდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები