გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუ ჟურნალ „Caspian Energy“-სთან – პრემიერი მთავრობის პრიორიტეტებზე საუბრობს
საერთაშორისო ჟურნალი „Caspian Energy“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე საუბრობს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა.
ინტერვიუში პრემიერი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მთავრობამ წარმატებით შეასრულა და გადააჭარბა კიდეც ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.
ინტერვიუში საუბარია ენერგეტიკის სფეროსა და საინვესტიციო გარემოს შესახებაც.
ამასთან, ინტერვიუში პრემიერი ამბობს, რომ ტრანსანატოლიის გაზსადენი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს
– ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების სისტემის განვითარება, მეწარმეობასთან დაკავშირებული ინიციატივები და საქართველოს ეკონომიკის ევროპული ინტეგრაცია. პირველ რიგში, რომელ პროექტებს დაეყრდნობა საქართველოს მთავრობა? რომელ ქვეყნებთან ურთიერთობას ენიჭება პრიორიტეტი?
საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. როგორც იცით, კერძო სექტორი ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალაა. ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარანტიას იძლევა, არამედ მსოფლიოში ამ ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესების მტკიცე საფუძველსაც ქმნის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ძლიერი კერძო სექტორის შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი გეგმით გათვალისწინებული ყველა ინიციატივა, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო რეფორმა, კერძო სექტორისათვის მიწოდებული საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტია.
– როგორ ხედავთ საქართველოს ათი წლის შემდეგ?
–ჩემი ვალდებულებაა, ქვეყნის წინსვლის უზრუნველყოფა. მთავრობის მიზანია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის უკეთეს ცხოვრებაზე ოცნების ხორცშესხმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რის შედეგადაც ამაღლდა ხალხის კეთილდღეობა, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის.
ჩვენი მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ევროინტეგრაციის გაღრმავება, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს კონკრეტული სარგებელი, მაგალითად, ევროპაში უვიზო მიმოსვლა.
დარწმუნებული ვარ, რომ ათ წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, დინამიკური ევროპული სახელმწიფო, ძლიერი და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებით. ჩვენი მზარდი ეკონომიკა და დაჩქარებული ინტეგრაცია დასავლეთის ინსტიტუტებში მისცემს ქართველ ხალხს ბევრ ახალ შესაძლებლობას როგორც პიროვნულ, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე.
ჩემი აზრით, საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით გამოიყენებს თავის მდებარეობას როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი რგოლი. ათი წლის შემდეგ საქართველო გახდება რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და გლობალური ბიზნესის წამყვანი მოთამაშე.
საერთოდ, ჩემი მოლოდინით, საქართველო მომავალშიც შეასრულებს იმ ქვეყნის როლს, რომელიც ხელს უწყობს მეზობლებს შორის მშვიდობისა და კონტინენტებს შორის ვაჭრობის განმტკიცებას.
– გეგმავთ თუ არა ევროკავშირთან ურთიერთობების საკანონმდებლო ბაზის შემდგომ გაფართოებას?
–ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის ივნისში, ეს არის სრულიად ახლებური, ახალი თაობის ხელშეკრულება. პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მეშვეობით ეს ხელშეკრულება საქართველოში ქმნის განვითარებისა და ევროკავშირთან ყველა ძირითადი სექტორის დაახლოების ფართო შესაძლებლობებს. ამ ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, ეტაპობრივად დაუახლოვდეს ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალურ და საკანონმდებლო სფეროებში. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლებას, ეკონომიკურ ზრდას და მოგვცემს აგრეთვე პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების უპირობო დაცვის გარანტიას. ამოქმედების შემდეგ ასოცირების ხელშეკრულება გახდება ძირითადი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც წარმართავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს. დღეისათვის ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა უკვე მოახდინეს მისი რატიფიცირება. ასოცირების ხელშეკრულება ძალიან მალე უნდა შევიდეს ძალაში. დღეს საქართველოს მთავრობის წინაშე სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა დგას, – ეს არის ხელშეკრულების ეფექტიანად შესრულება და ამ დოკუმენტით (განსაკუთრებით კი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის გზით) შემოთავაზებული პერსპექტივიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება ყველა მოქალაქისთვის.
გარდა ამისა, საქართველომ გააფორმა სხვა შეთანხმებებიც ევროკავშირთან, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობის კონკრეტულ სექტორებს, მაგალითად: ერთიანი საჰაერო სივრცის ხელშეკრულება, რომელიც ხელს უწყობს საჰაერო ტრანსპორტის დაჩქარებულ ლიბერალიზაციას და ბაზარზე ორმხრივ წვდომას; ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც აძლევს საქართველოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ასევე ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის პროტოკოლი. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს მოქალაქეთათვის ვიზების ლიბერალიზაციის ხელშეკრულებას, რომელიც უკვე შევიდა განხორციელების დასკვნით ეტაპზე, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ევროკომისიამ გასცა შესაბამისი რეკომენდაცია.
-რა გავლენა აქვს მიგრაციასთან დაკავშირებულ კრიზისს ევროკავშირში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე?
– საქართველო და ევროკავშირი 2012 წლის ივნისიდან აწარმოებენ ვიზებთან დაკავშირებულ დიალოგს. დაუღალავი შრომის შედეგად, მთავრობამ წარმატებით შეასრულა და გადააჭარბა კიდეც ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, რაც აღიარა კიდეც ევროკომისიამ თავის მეოთხე და საბოლოო ანგარიშში, რომელიც 2015 დეკემბერში გამოქვეყნდა. რეფორმების გატარებით საქართველომ, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შექმნა ძლიერი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ბაზა უსაფრთხო და მართვადი მიგრაციის უზრუნველსაყოფად.
მაგალითად, ჩვენ მივიღეთ და ამჟამად ვახორციელებთ ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ასევე ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და საჯარო სამსახურის ახალ კოდექსს. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები პროკურატურისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით, შევქმენით შრომის ინსპექციისთვის პასუხისმგებელი დეპარტამენტი, გავაუმჯობესეთ თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკა და მიგრაციის მენეჯმენტი, წამოვიწყეთ ინტენსიური საინფორმაციო კამპანია ლეგალური მიგრაციის შესახებ და ა.შ. ასე რომ, ჩვენ არ ვთვლით, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული მიმდინარე კრიზისი რამე გავლენას მოახდენს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე მიმოსვლის თავისუფლების სფეროში, რადგანაც საქართველომ უკვე მიიღო შესაძლო ნეგატიური გავლენის პრევენციის სათანადო ზომები და უპასუხა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ყველა ტექნიკურ მოთხოვნას.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ შესვლას 90 დღით. ეს წესი, რომელიც ვრცელდება შენგენის ზონაზე, არ აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მუშაობის უფლებას,
– რას გვეტყვით საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პრიორიტეტების შესახებ?
–საქართველოში ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი/ლოგისტიკა. მინდა ხაზგასმით გამოვყო ენერგეტიკის სექტორი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოხმარება, რასაც ერთვის გამოუყენებელი ჰიდრორესურსების დიდი მარაგი, ქმნის მყარ საფუძველს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. გარდა ამისა, კარგად განვითარებული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან და კონკრეტული საექსპორტო ბაზრების ხელმისაწვდომობა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ადგილობრივი ჰიდრორესურსების ექსპლუატაციის მასშტაბი გამარტივებული და გამჭვირვალე რეგულაციების გზით. მთავრობამ ხელი მოაწერა აგრეთვე ათობით ურთიერთგაგების მემორანდუმს ინვესტორებთან, რაც მიზნად ისახავს ყველა ზომის ელექტროსადგურების შექმნას.
– წელს იწყება ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობა. რა მოლოდინები აქვს საქართველოს ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით?
– ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობა უკვე დაიწყო. წარმოების საწყის ეტაპზე გაზსადენი გაზრდის სამხრეთის დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობას წელიწადში ექვისადან 22 მილიარდ კუბომეტრამდე. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე დამატებითად ხელმისაწვდომი იქნება 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი კიდევ უფრო გაფართოვდება თურქმენული გაზის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ, რაც დაგეგმილი პროექტები და რეგიონალური ინიციატივები განხორციელდება, საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორის, როლი კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე განმტკიცდება მისი ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.
გარდა ამისა, ეს ფართომასშტაბიანი პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში. ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის კონსორციუმი ახორციელებს მრავალმილიონიან ინვესტიციებს საქართველოში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რის შედეგადაც იქმნება სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილია ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული განვითარების მხარდაჭერა.
-რატომ გადაწყვიტა საქართველომ ბუნებრივი აირის სექტორში აზერბაიჯანთან გრძელვადიანი ურთიერთობების გადახედვა? რა დგას ამის უკან: პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზები?
– საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას. ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 20 წლის დაიწყო, როცა წარმატებით განხორციელდა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტები, მაგალითად, ბაქო-თბილისი-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი. რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე, აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე გაზის 90 პროცენტის მიწოდებას. შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოს უზრუნველყოფს გაზის დამატებითი ოდენობით, რასაც საფუძვლად უდევს კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები. მანამდე კი, 2030 წლამდე, „სოკართან“ 2016 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით 500 მილიონი კუბომეტრი გაზი დამატებითად მიეწოდება „სოციალურ“ სექტორს (მეურნეობები და ელექტროენერგიის თერმული გამომუშავება). კომერციულ სექტორში არ მოქმედებს საკანონმდებლო შეზღუდვები და კომერციულ მომხმარებლებს შეუძლიათ მიმწოდებლის არჩევა კომერციული პირობების საფუძველზე.
– რა სახის პრობლემებს ხედავთ ჩინეთიდან ევროკავშირისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განხორციელების გზაზე? რას გვეტყვით მის გაფართოებაზე ევროკავშირში (ლიტვა) და მარშრუტ „ვიკინგზე“?
– ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განხორციელებისას ყველაზე დიდი გამოწვევაა აუცილებელი მატერიალური ბაზის, ანუ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, რის პარალელურადაც უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ვაჭრობის არამატერიალური ბაზის მშენებლობა, რაც ძირითადად მოიცავს კანონმდებლობის დაახლოებას, ეფექტიან სასაზღვრო მენეჯმენტს და საბაჟო პროცედურებს, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებას. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მკაფიო და გამჭვირვალე ტარიფების დაწესებას მთელი დერეფნის გაყოლებაზე.
საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება და რეგიონში ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩინეთიდან ევროპაში დამატებითი ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით. საქართველოსთვის არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, იმისათვის, რომ მან სხვადასხვა ალტერნატიული მარშრუტიდან მოიზიდოს მნიშვნელოვანი მოცულობის ტვირთები. მეტად იმედისმომცემია ამჟამინდელი ვითარება რეგიონში, რადგანაც აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინიციატივა მიზნად ისახავს ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ხელშეწყობას.
საქართველოს მთავრობა არის რამდენიმე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის აქტიური წევრი (მაგალითად, TRACECA, LAPIS LAZULI და ბალტიის ზღვა – შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაში). საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ინიციატივაზე.
სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ 2015-2016 წლებში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდა არაერთი სარკინიგზო გადაზიდვა. საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის რკინიგზების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მთლიანი დერეფნის გაყოლებაზე შემოღებულ იქნა ტარიფები, რაც იძლევა ჩინეთიდან საქართველოს შავიზღვისპირა პორტებში ტვირთის შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში გადაზიდვის შესაძლებლობას. ასე რომ, ტრანზიტის დრო შემცირდა 40-45 დღიდან 7-9 დღემდე. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ქსელების მეშვეობით შესაძლებელია ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ზღვით.
„ვიკინგის“ სარკინიგზო პროექტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა: ინტერმოდალური ხასიათი, ფიქსირებული გრაფიკი, რაც იძლევა ტრანსპორტირების სხვა მეთოდებთან შეთანხმების, ურთიერთმოქმედების შესაძლებლობას; ასევე მისი კონკურენტული ფასები ტრანსპორტირების ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით, საზღვარზე დოკუმენტაციის წარმოებისა და განბაჟების მინიმალური ვადები და დანიშნულების ადგილზე ტვირთის ჩატანისას დაგვიანების, შეფერხების მინიმალიზაცია.
2011 წლის 15 მარტს, კიევში ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ მრავალმხრივ ხელშეკრულებასთან მიერთების პროტოკოლს (ამოქმედდა 2012 წლის 19 მარტს). 2015 წლის აპრილში საქართველოს რკინიგზა გახდა პროექტ „ვიკინგის“ სრულფასოვანი წევრი, რომლის ასოცირებული წევრებიც არიან ბულგარეთის საზღვაო ფლოტი და ფინეთში დაფუძნებული კომპანია Containerships-ი. „ვიკინგის“ ფარგლებში კომპანიები Gefco და Steveco Logistics-ი არიან ახალი ოპერატორები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის გავლით. პროექტის წევრები, განსაკუთრებით კი საქართველო, დაინტერესებული არიან პროექტ „ვიკინგში“ აზერბაიჯანის გაწევრიანებით.
სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გაწევრიანება კი უზრუნველყოფს კავკასიის დაკავშირებას ევროპასა და სკანდინავიასთან და გააუმჯობესებს პროგრამა TRACECA-ს წევრ ქვეყნებს შორის და აღმოსავლეთი-დასავლეთისა და ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით ტვირთის ერთობლივი სატრანზიტო გადაზიდვების პირობებს. გარდა ამისა, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში გაჩნდება ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები.
პირველი სატვირთო მატარებელი პროექტ „ვიკინგის“ ფარგლებში დაიძრა ილიჩევსკიდან (უკრაინა), 15 იანვარს და შეასრულა საცდელი მარშრუტი ჩინეთისკენ, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით, კასპიისა და შავი ზღვების გაყოლებაზე. სატესტო მატარებელი დაიძრა მალევე მას შემდეგ, რაც 14 იანვარს აზერბაიჯანს, ყაზახეთს, საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმდა პროტოკოლი, რომლითაც განსაზღვრულია კონკურენტული შეღავათიანი ტარიფები ტვირთის გადაზიდვებზე ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამოყენებით.
– როგორ განვითარდება წრიული ეკონომიკა და ალტერნატიული ენერგეტიკის სექტორი საქართველოში?
– მდიდარი ჰიდრორესურსების გარდა, ჩვენ განვავითარებთ სხვა ალტერნატიულ ენერგორესურსებსაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე ქარისა და მზის ენერგიის პროექტები. მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ქარის ენერგიის პირველ პროექტზე (20 მეგავატი, რომელიც შეიძლება 100 მეგავატამდეც გაიზარდოს). ახლახანს ამოქმედდა სუფთა აზომვის რეგულაცია, რომლის მიზანიცაა საბოლოო მომხმარებელთა სტიმულირება. გარდა ამისა, განიხილება რამდენიმე პროექტის იდეა, რომელთა მიზანიცაა ბიომასისა და გეოთერმული რესურსების გამოყენება სოფლად და ენერგოქსელის მიღმა მდებარე ტერიტორიებზე გათბობის უზრუნველსაყოფად.
http://caspianenergy.net/en/ekonomika-2/32818-tanap-will-increase-economic-development-in-georgia-giorgi-kvirikashvili-prime-minister-of-georgia