“არაკოალიციურ ფორმატში ამომრჩეველს გაცილებით გაუმარტივდება საკუთარი სიმპათიის დაფიქსირება არჩევნებზე“

საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე “რესპუბლიკელების” გადაწყვეტილებას, “კვირასთან“ ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აფასებს.
“თვეების განმავლობაში თამაზ მეჭიაური იყო გამხმოვანებელი იმ აუცილებლობისა, რომ “რესპუბლიკელებს“ ცალკე მიეღოთ მონაწილეობა, “რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში არ დაბადებულა. მათ გააჩნიათ ყველაზე დიდი გამოცდილება ოპოზიციაში ყოფნისა, შესაბამისად, რაიმე სერიოზული დარდის საგანი მათ არ უნდა ჰქონდეთ“, – განუცხადა “კვირას“ სოსო ცისკარიშვილმა.
სოსო ცისკარიშვილი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გახმოვანებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
სოსო ცისკარიშვილის თქმით, არაკოალიციურ ფორმატში ამომრჩეველს გაცილებით გაუმარტივდება საკუთარი სიმპათიის დაფიქსირება არჩევნებზე.
„გადაწყვეტილება, რომ პარტია “ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ვფიქრობ, ამ ვითარებაში ყველაზე გონივრული ნაბიჯია. ზოგადად, არაკოალიციურ ფორმატში უფრო გაუადვილდება ამომრჩეველს საკუთარი სიმპათიის დაფიქსირება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
“რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ასევე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას პარტია “ქართული ოცნებაც”. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები