რატომ გახდა „გლოვო“ „ნანუკას ფონდის“ მხარდამჭერი?

ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში პოლიტიკური მონაწილეობის სხვადასხვა ფორმა ვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ პარტიებზე მეტად სწორედ ე.წ სხვა მოთამაშეები აქტიურობენ, მაგალითად: ქველმოქმედები, სამოქალაქო აქტივისტები, მარშის მონაწილეები და ა.შ. რეალურად, ისინი პოლიტიკური პროცესის არა თუ აქტიური მონაწილეები, არამედ შემქმნელები გახდნენ.

ჩვენ ქველმოქმედების სახელით, ერთ-ერთი მონაწილით, „ნანუკას ფონდით“ და მისი მხარდამჭერებით დავინტერესდით. ციფრულ ეპოქაში სოციალური ქსელებში პოპულარობის მიღწევა, განსაკუთრებით – მგრძნობიარე თემებით არცთუ ისე რთული საქმეა და ამას ნანუკა ჟორჟოლიანი წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებდა. მაგრამ სხვა საქმეა პოლიტიკურ პროცესის ავანგარდში მდგომი ფონდის ხელშემწყობი ორგანიზაციების მოტივი, რომლებიც თითქოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ.

სწორედ ამის მაგალითი იყო, როცა “გლოვომ” საკუთარ აპლიკაციაში “ნანუკას ფონდი” დაამატა. თუმცა, ღიად „გლოვო“ არცერთ პოლიტიკურ განცხადებას და არც ოპოზიციურ პლატფორმა Free Business არ მიერთებია. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში, 2 მარტს გავრცელდა. გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში „პროტესტანტი ინფლუენსერებისგან“ დიდი გამოხმაურება და შექება მოყვა. ეს შესაძლოა, ისევე – როგორც ბევრი რამ საქართველოში, ორი ადამიანის მეგობრობასა და პირად ნაცნობობა-მხარდაჭერაზე გადიოდეს. მაგრამ როცა მთელი ორგანიზაცია ამ ფორმით ერთვება პოლიტიკურ პროცესში, საინტერესო ხდება მისი მოტივაცია.

“კვირა” დაინტერესდა, რატომ მიიღო „გლოვომ“ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ფონზე, როცა ფონდის საქმიანობით სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ დაინტერესებულნი. აღსანიშნავია, რომ სანამ “გლოვო” “ნანუკას ფონდს” საკუთარ აპლიკაციაში განათავსებდა, რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ ფონდის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ “საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე – როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში”.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ, “სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთობლივ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ”.

“კვირა” დაინტერესდა – რა მიზეზით შეარჩია “გლოვომ” “ნანუკას ფონდი” თანამშრომლობისთვის და კომპანიას ორი შეკითხვით ჯერ კიდევ 29 აპრილს მივმართეთ:
1. “გლოვომ” “ნანუკას ფონდი” აპლიკაციაში დაამატა – რა კრიტერიუმებით მოხდა ფონდის შერჩევა?
2. თანამშრომლობთ თუ არა სხვა ფონდებთანაც და რა მიმართულებით?
როგორც კომპანიამ საპასუხოდ მოგვწერა, „გლოვო“ პირდაპირ არ აკონტროლებს, თუ როგორ ხარჯავენ შემოწირულ თანხებს გარე სუბიექტები, თუმცა, ითვალისწინებენ ფონდის რეპუტაციას, გამოცდილებას და გამჭვირვალობის პრაქტიკას.

“კვირა” უცვლელად გთავაზობთ კომპანიის პასუხს:

„ნანუკას ფონდისა“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ დამატება გურიის რეგიონში ძლიერი თოვლის შედეგად გამოწვეული საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ განხორციელდა. ორივე ორგანიზაციამ პროაქტიურად მოგვმართა დახმარების თხოვნით, Glovo პლატფორმის მეშვეობით. არცერთი ორგანიზაცია არ არის ხელშეკრულებით ვალდებული, წარადგინოს ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ გამოიყენება შემოწირულებები. თუმცა, ორივემ ნებაყოფლობით გაგვიზიარა მიღებული თანხების განაწილების შესახებ შემაჯამებელი ანგარიშები.

Glovo-მ კრიზისებზე რეაგირების დროს მრავალ არაკომერციულ ორგანიზაციასთან ითანამშრომლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირ არ ვმართავთ ან არ ვაკონტროლებთ, თუ როგორ ხარჯავენ შემოწირულ თანხებს გარე სუბიექტები, ჩვენ ყურადღებით ვაფასებთ თითოეული ფონდის საზოგადოებრივ რეპუტაციას, წინა გამოცდილებას და გამჭვირვალობის პრაქტიკას, სანამ მათ აპლიკაციაში გამოვაქვეყნებთ. რამდენიმე შემთხვევაში, ფონდებმა ასევე მოგვაწოდეს კამპანიის შემდგომი შეჯამებები ან არაფორმალური ანგარიშგება, მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება სავალდებულო არ იყო“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამ პასუხის შემდეგ გაურკვეველი რჩება, თუ რატომ აღარ არის აპლიკაციაში დამატებული „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“. „ნანუკას ფონდისგან“ განსხვავებით, ხსენებული ფონდი ხომ აგრძელებს მუშაობას? ასევე, გასაგებია კომპანიის აქცენტი, რომ კრიზისების დროს იყოს დამატებული ფონდები აპლიკაციაში, თუმცა, შეუძლებელია – მათ არ სცოდნოდათ, რომ გურიის სტიქიის მიღმა „ნანუკას ფონდი“, როგორც თავად აცხადებდა, სწორედ აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, ხომ არ არის მოსალოდნელი, საგამოძიებო მოქმედებების და ანგარიშების დაყადაღების პარალელურად, კითხვები ამ ფონდების პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ გაჩნდეს.
აღნიშნული შეკითხვით პროკურატურას უკვე დავუკავშირდით და უწყებისგან შესაბამის პასუხს ველოდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები