ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა წამლობითი ღონისძიებები დაიწყო
სურსათის ეროვნული სააგენტოს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, წამლობითი ღონისძიებები აქტიურად დაიწყო ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების განთავსებასთან ერთად, ტარდება წერტილოვანი შეწამვლა ცივი შესხურების მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სადგურები არაყვავილოვან მცენარეებზე მონტაჟდება.
“ქედის მუნიციპალიტეტში წამლობით ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. საკოორდინაციო მართვის ცენტრში, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ფუნქციონირებს სატელეფონო გზავნილების სისტემა. ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.parosana.ge
წამლობითი ღონისძიებები რეგიონში, ოქტომბრის ბოლომდე ინტენსიურად გაგრძელდება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.