“უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესების დაცვით ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ამერიკასთან, ისე ევროპასთან” – ქადაგიშვილი
“ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და ცალსახაა. და იმას, რომ [უკრაინის] ომის დაწყების შემდეგ საქართველომ მკაფიოდ დაიცვა თავისი ეროვნული ინტერესი, მოჰყვა მთელი რიგი ზეწოლები, რაც დღესაც გრძელდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“მაგრამ, ვფიქრობ, ესეც სათანადოდ იქნება შეფასებული იმ ადმინისტრაციის მხრიდან, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უნდა მშვიდობა და სამართლიანობა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური და იდეოლოგიური გზავნილები, რითაც ძალიან ვგავართ ამერიკას.
და ბოლოს, ჩვენ გვახსოვს, როდესაც უნდოდათ ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით ერთგვარი დამსჯელი მესიჯის გამოშვება, სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერს დაუსვამდა ხოლმე ერთი ჟურნალისტი კითხვას და ისიც მოურიდებლად ჩამოაყალიბებდა [პასუხს] – არ მოერიდებოდა არც სახელის, არც გვარის, არც პარტიის, არც მთავრობის დასახელებას. ამიტომ, ეს სურათი თავისთავად ნათელი არის. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესების დაცვით ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი არის, როგორც ამერიკასთან, ისე ევროპასთან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.